მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკაკი ცომაიას შეფასებით, კრიზისის დროს უძრავი ქონების სუბსიდირებაზე აქცენტი კერძო ინტერესებს ემსახურება

5f786b04de865
თათია ჩაფიჩაძე
03.10.20 17:17
958
ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, კრიზისის დროს უძრავი ქონების სუბსიდირებაზე აქცენტის გაკეთება კერძო ინტერესებს ემსახურება და არარაციონალური გადაწყვეტილებაა.

გადაცემა “საქმიან დილასთან” საუბრისას ცომაიამ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურიბის ანგარიში შეაფასა და განაცხადა, რომ მოთხოვნის შესაბამისად ფასების კლების გამო, უძრავი ქონების სექტორში რისკები გაზრდილია.

“ეკონომიკა როცა ეცემა ყველა სექტორზე ახდენს გავლენას, მათ შორის პრობლემაა უძრავი ქონების კაპიტალიზაციის დონე. ეს ნიშნავს იმას, რომ იზრდება გამქირავებელთა რაოდენობა და მცირდება მსურველები, რაც ბაზარზე ქირის ფასს ამცირებს. ეს შემცირება შესაბამისად ახდენს ძალიან დიდ გავლენას თავად უძრავი ქონების ფასზე და ცხადია ეს იწვევს ფასის ქვემოთ ჩამოსვლას. სექტორს აქვს გაცემული იპოთეკური სესხები ბინის უზრუნველყოფით და გირაოს ღირებულების კლება, გავლენას ახდენს საფინანსო სექტორის უსაფრთხოებაზე. რადგან გირაოს ღირებულება, საბაზრო ფასი იკლებს, ეს სესხების მოცულობაზეც მოხდენს გავლენას, რაც შეამცირებს უძრავი ქონების მიწოდებას და მივიღებთ იმას, რომ სუბსიდირება ამ უძრავი ქონების არის სისულელე.

როგორ შეიძლება ეკონომიკური დაცემის პერიოდში აქცენტი გავაკეთოთ უძრავი ქონების სუბსიდირებაზე? ყველაფრის წარმოდგენა და დაშვება შეიძლება სუბსიდირების ქვეშ, რომელიც რეალურ ეკონომიკურ გაზრდას გამოიწვევს და მაინც და მაინც ვირჩევთ იმ სფეროს, რომელიც ამ შემთხვევაში არაეფექტიანია და რბილად რომ ვთქვათ არასწორია. ამ კონტექსტში თუ ჩვენ ვუყურებთ რა ეფექტი გამოიწვია სუბსიდირებამ, რა თქმა უნდა, ამ ეფექტებს დავინახავთ, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს რესურსი შეიძლებოდა სხვა სექტორს მოხმარებოდა და უფრო რაციონალურად გადანაწილებულიყო, მაშინ მივხვდებით, რომ სუბსიდირების პროექტი ემსახურება კერძო ინტერესებს და კონკრეტული ადამიანების ინტერესებს", – განაცხადა აკაკი ცომაიამ.

მისივე თქმით, თუ უძრავ ქონებაზე ფასები შემცირდა, ცხადია ეს სესხების რაოდენობას შეამცირებს, –"ჩემი ვარაუდით ბევრი რამ დამოკიდებულია პროგნოზზე როდიდან დავიწყებთ ეკონომიკურს ზრდას", – დასძინა მან.