04.თებერვალი .2020 12:30

აკაკი ზოიძე: მთავარია, "სამედიცინო ჰოლდინგი" კიდევ ერთ ბიუროკრატიულ რგოლად არ გადაიქცეს

views 231
უკან

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მთავარია "სამედიცინო ჰოლდინგის" პირობებში კლინიკების ეფექტური მართვის მენეჯმენტი ჩამოყალიბდეს და მოდელს მნიშვნელობა არ აქვს.

როგორც ზოიძემ bm.ge-ს განუცხადა, ჯერ უნდა დაიდოს ხედვები, თუ როგორ წარმოუდგენია ჰოლდინგს და მის მმართველს ეფექტური მართვა და შეფასებაც მერე გახდება შესაძლებელი.

"დიდი ხანია ეს თემა მუსირებს, რომ აუცილებელია ცვლილება. ჯერ საუბარი იყო სახელმწიფო-კერძო პარტნიორობაზე, მერე საპარტნიორო ფონდს უნდა გაეკეთებინა იგივე, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა შემოსულიყო მენეჯმენტად. სხვადასხვა ფორმებზე იყო საუბარი, ამიტომ რაიმე შეფასების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გეგმა და ხედვა დაიდება. ფაქტი ის არის, რომ ან უნდა მოხდეს კლინიკების პრივატიზაცია, ან ეფექტიანი მართვა, რადგან ისედაც კერძო, მომგებიანი სექტორი საკმაოდ ჭარბია ამ ქვეყანაში. საკუთრების ფორმების მრავალფეროვნება მისასალმებელი იქნებოდა, რადგან სამართლიანი თამაშის წესების პირობებში, ხარისხის თვალსაზრისით, რეალური კონკურენციის მომტანი იქნებოდა, ამიტომ პირველ რიგში, გვაინტერესებს ხედვა თავად ჰოლდინგის და ასევე სამინისტროს მხრიდან, რას და როგორ აპირებენ", - განაცხადა ზოიძემ.

ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ პრობლემა არ არის იმაში, თუკი კლინიკები სახელმწიფო მართვაში იქნება, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია და მოდელები საკმაოდ ეფექტურია.

"არის უამრავი ქვეყანა, სადაც სამედიცინო დაწესებულებები არის კერძოც და სახელმწიფოც. სტენფორდი არის საუნივერსიტეტო კლინიკა, მაგრამ კითხვა არ ჩნდება, ეფექტურია თუ – არა, იგივეა ბერკლიც და ა.შ, თუმცა მაგალითად გერმანიაში ასეთი კლინიკები არის არა კერძო, არამედ ფონდების, რომელიც კერძო სახელმწიფო სტრუქტურებად ითვლებიან. მთავარია ეს ჰოლდინგი არ იქცეს კიდევ ერთ ბიუროკრატიულ სტრუქტურად და ასევე მნიშვნელოვანია, როგორი მმართველობა იქნება, როგორი მენეჯმენტი ეყოლება, ადმინისტრაციული ხარჯები როგორ იქნება უზრუნველყოფილი და ა.შ. თუკი ეს ყველაფერი არ გვეცოდინება, შეფასებასაც ვერ გავაკეთებთ. საფრთხე, რომ კიდევ ერთ ბიუროკრატიულ რგოლად გადაიქცეს, არსებობს", - ამბობს ზოიძე.

რაც შეეხება ჰოლდინგის მმართველად გიორგი ჩოგოვაძის დანიშვნას, აკაკი ზოძეს ამბობს, რომ მთავარია მმართველს მენეჯერული თვისებები ჰქონდეს და მისი ექიმობა აუცილებელი საერთოდ არ არის.

"რაც შეეხება მმართველს, მიმაჩნია, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ექიმები ყველაზე ცუდი მმართველები არიან, ექიმმა უნდა აკეთოს თავისი საქმე. ექიმი კარგი მინისტრი, ან სამედიცინო დაწესებულების მმართველი არ მინახავს. ცოტა მინახავს კარგი ექიმი, რომელიც ასევე კარგი მმართველია. ამ კუთხით მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მენეჯმენტი იყოს ეფექტური. ამ შემთხვევაში ექიმობა აუცილებელი არ არის. გადამწყვეტი არის მართვის უნარი, აქამდე ბატონ გიორგიზე კარგი წარმოდგენა მქონდა და ვნახოთ, აწი რას იზამს. ახლა ველოდებით და მთავარია როგორ ხედვას წარმოადგენს, რა წარმოუდგენია განვითარების პერსპექტივად და ა.შ", - განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის იდეა ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს გააქტიურდა. პირველ ეტაპზე ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გაერთიანდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა