07.ივნისი .2020 14:28

აკაკი ზოიძის 3 რეკომენდაცია მთავრობას მედიკამენტებზე ფასების შემცირებისთვის

views 407
უკან

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასების რეგულირების მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პროგრამის პროგრამის შესახებ საჯარო განცხადება 2019 წლის ოქტომბერში გააკეთა, თუმცა პროექტის მასშტაბები თუ რა სახით და რა მედიკამენტების ფასების რეგულირებას გეგმავს მთავრობა ამ დრომდე არ არის ცნობილი. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად სამი ძირითადი მიმართულებით შეუძლია ნაბიჯების გადადგმა, ესენია:

"ხარისხიან და უსაფრთხო წამლებზე ხელმისაწვდომობა არის დღეს ჩვენი ჯანდაცვისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ჩემი აზრით, სამი მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები:

1- ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივება - ხელსაყრელი პირობების შექმნა ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის;

2- ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამის გაფართოება - პროგრამაში უნდა ფინანსდებოდეს 90-მდე მედიკამენტი;

3- ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოების წახალისება, მათ შორის საგადასახადო შეღავათებით,"- საკუთარ Facebook-ზე წერს აკაკი ზოიძე. 

საერთაშორისო ფონდ კურაციოს ანგარიშებს თუ დავეყრდნობით, ევროპის რეგიონში საქართველო ლიდერობს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით, რაც 35,7%-ს უტოლდება. 2017 წელს, საქართველოს მოსახლეობამ მედიკამენტების შესაძენად საკუთარი ჯიბიდან 983 მილიონი ლარი დახარჯა. 2017 წლის ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების 96% - ეს სწორედ ჯიბიდან გადახდილი თანხებია.

მედიკამენტების ფასების შემცირების შესახებ, რამდენიმე დღის წინ "პსპ ჯგუფის" დამფუძნებელმა და ქართული ოცნების დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ის მთავრობას თურქეთის მხრიდან სამედიცინო ნაწარმის იმპორტისკენ მოუწოდებს. 

„თურქეთში 200 დასახელების მედიკამენტი 2-ჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, სადაც მედიკამენტებს ევროპელი მწარმოებლებისგან ვიღებთ. რატომ ხდება ეს ასე, მეორე თემაა. თურქეთს ლიცენზიები აქვს. მაგალითად, „კრესტონი“ თურქული წარმოების ღირს პირობითად 20 დოლარი, ევრომწარმოებლების კი ჩვენთან ღირს 60 დოლარი.

ჩვენ ვთავაზობთ სამინისტროს, რომ თურქეთი გავხსნათ. „კრესტონი“ შემოდის პირობითად შვედეთიდან ,იქ ნაწარმოებია და მწარმოებელი აგზავნის საქართველოში, რომლის ფასი არის 60 დოლარი და იყიდება აფთიაქში 70 დოლარად. აქაური დისტრიბუტორები არაფერს არ იგებენ. თურქეთში იგივე მედიკამენტი, ადგილობრივი წარმოების ღირს 25 დოლარი. ჯანდაცვის სამინისტროს ვთავაზობთ, თურქეთიდან შემოტანა გავხსნათ, მაგრამ ხარისიხის მკაცრი კონტროლით, რადგან თურქეთი სარისკო ქვეყანაა ფალსიფიცირების თვალსაზრისით

თურქეთმა აიძულა დიდი გიგანტები თავის ბაზარზე უფრო იაფად გაეყიდათ მედიკამენტები. რითი აიძულეს? ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით. ბოლო 25 წელია ააშენეს ფარმაცია თურქეთში. სახელმწიფო თუ ჩადებს ინვესტიციას დარგში, ცოდნაში, იგივე მოხდება ჩვენთან.

რეგულირების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგად გააზრება უნდა. ისე, რომ ამას მე დავარეგულირებ და წამლები გაიაფდება, ასე არ იქნება...მთავარია ადგილზე იყოს კონკურენტუნარიანი მწარმოებლები, რომლებიც ბაზარს შესთავაზებს კარგ ფასებს. ამისთვის საჭიროა, რომ სახელმწიფომ ინვესტირება განახორცილოს კერძო სექტორში, როგორც ეს თურქეთში ხდება.

ამით აიძულეს თურქეთში დიდი მწარმოებლები, რომ თავისი წარმოებები გადაეტანათ თურქეთში ან ლიცენზიები მეიცათ მათთვის, ამიტომ მაგალითად კრესტორი 2-ჯერ იაფი ღირს იქ, ვიდრე საქართველოში. იმიტომ კი არა, რომ აქაური დისტრიბუტორები ან აფთიაქები მოგებას ნახულობენ! უბრალოდ თურქეთში უფრო იაფი ღირს ადგილზე წარმოებული,“-აცხადებს bm.ge-თან პსპ ჯგუფის დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა