მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აკრძალვების მომხრე არ ვარ, თუმცა დაზღვევისთვის ეს საჭირო იყო“ - ფერმერი ხორბლის ექსპორტის აკრძალვაზე

62bb1e197b654
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.22 19:32
1201
კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი და ფერმერი ბექა გონაშვილი საქართველოს მთავრობის მიერ ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ ვითარებაში „დაზღვევად“ აფასებს.

როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ზოგადად, ამგვარ აკრძალვებს არ ემხრობა, რადგან თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევად თვლის, თუმცა მსოფლიოში არსებული სასურსათო უსაფრთხოების პირობებში, აკრძალვას გამართლებულად მიიჩნევს. ფერმერი ამბობს, რომ დარგის წარმომადგენლები აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ და მის განხილვაშიც მონაწილეობდნენ.

„ძალიან ბევრი ქვეყანა უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვებს აწესებს.

შემიძლია გითხრათ, რომ ქერის მიმართ დიდი ინტერესი იყო ირანელების მხრიდან, შესაბამისად, ქვეყნიდან მარცვლეულის გატანის რისკები არსებობდა. ეს აკრძალვა დიდად არავის არაფერში ხელს არ შეუშლის, რადგან საქართველო მარცვლეულის დიდ მოცულობებს არ აწარმოებს და საექსპორტო მოსავალი არ გვაქვს, ამიტომ ეს უფრო თავის დაზღვევის მიზნით გადადგმული ნაბიჯია.

არ ვფიქრობ, რომ ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვა ბაზარზე დიდ გავლენას მოახდენს, თუმცა ქვეყნიდან მარცვლეულის გატანის რისკებს აღკვეთს. თუ ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი მოხდება, მაშინ ჩვენ აღარაფერი დაგვრჩება. მსგავსი აკრძალვების მომხრე არ ვარ, თუმცა ამ შემთხვევაში თავის დაზღვევის მიზნით საჭირო იყო“, - ამბობს გონაშვილი.

ამასთან, „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ხორბლის და ქერის აკრძალვის შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით საქონლის რეალიზაციისას შესაძლო რისკებზეც საუბრობს.

„ამ შემთხვევაში შემსყიდველების მხრიდან ფასის მანიპულაციის რისკებს ვხედავ, რადგან საექსპორტო ბაზრებიდან მოთხოვნა არ იქნება და ამას სათავისოდ გამოიყენებენ“, - აღნიშნა ფერმერმა.