მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკრძალვის მიუხედავად Ria Novosti სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე პროპაგანდას აგრძელებს – Forbes

622dd26a0b4fc
მარიამ ადამია
13.03.22 15:31
1652

კრემლის მედიასაშუალება Ria novosti ონლაინ–გასართობ პლატფორმა Tik Tok–ზე პროპაგანდას აგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული Forbes აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ერთი კვირის განმავლობაში, TikTok ზე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სამი პოსტი, რომელიც ცრუ ინფორმაციას შეიცავდა.

მაგალითად, ოთხშაბათს Ria Novosti-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის სენატში მოსმენა გაახმოვანეს იმგვარად, რომ უკრაინა მალავს ამერიკის მიერ დაფინანსებული ბიოლოგიური ომის პროექტებს, თუმცა ვიდეო სრულად სიცრუეა. კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც გამოცემამ ატვირთა, დაჭრილ მამაკაცს ეხება, რომელიც რუსული აქცენტით, თუმცა უკრაინულად ყვება, რომ მას უკრაინელები ესროდნენ და ტყვედაც აიყვანეს. ხოლო მესამე ვიდეოში ნაჩვენებია ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის ჯარმა ჩაიგდო ხელში და თითქოს აღმოაჩინეს, რომ იქ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება. Ria Novosti-მ ეს და სხვა ვიდეოები 200 000-ზე მეტ გამომწერს გაუზიარა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და მეტიც, სამ მილიონზე მეტმა მოიწონა მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სჯერათ და მისაღებია გავრცელებული ვიდეოები. 

გაურკვეველია, რატომ აძლევს TikTok-ი RIA Novosti-ს მოსკოვის სათაო ოფისს, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გამოქვეყნების უფლებას მას შემდეგ, რაც კომპანიამ კვირას გამოაცხადა რუსული კონტენტის აკრძალვის შესახებ, რამაც რეალურად შეაჩერა სხვა სახელმწიფო მედია სააგენტოები, მათ შორის RT-ი, Sputnik-ი და NTV.

Ria Novosti–მ ამ ამბავზე კომენტარი არ გააკეთა, არც Tik Tok–მა რომელიც პეკინში დაფუძნებულ ByteDance-ს ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე RIA Novosti-ის არსებობა TikTok-ზე კითხვებს აჩენს TikTok-ის აკრძალვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. TikTok-ს პოლიტიკური შინაარსის ვიდეომასალების აკრძალვის პრაქტიკა წინა წლებშიც აქვს გამოყენებული და ეხებოდა  აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისა და ასევე თალიბანის ხელისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს. აპლიკაციის ხელმძღვანელობა წუხდა პლატფორმაზე პოლიტიკური შინაარსის გავრცელების გამო.

თუმცა მიუხედავად ამ შეხედულებებისა, სოციალური ქსელი და განსაკუთრებით ტიკტოკი გახდა ერთ-ერთი მთავარი იარაღი რუსეთ-უკრაინის ომის დროს და მაგალითად, #Ukraine-ით გამოქვეყნებულ ვიდეოებს, მსოფლიოს მასშტაბით 24,8 მილიარდი ნახვა აქვს, რაც მას ვიდეოების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კატეგორიად აქცევს. 

მკვლევარები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ რუსულ დეზინფორმაციას, აცხადებენ, რომ ის ავრცელებს იმავე ტიპის შეთქმულების თეორიებს, პროპაგანდას და სხვა არაზუსტ ინფორმაციას, როგორსაც სხვა რუსული მედიასააგენტოები –  RT და Sputnik  – აქვეყნებდნენ , სანამ TikTok მათ კონტენტს აკრძალავდა. სტატისტიკურად კი RIA Novosti კრემლის მესამე ყველაზე პოპულარული ახალი ამბების ჯგუფია TikTok-ზე.