22.ივლისი .2020 20:20

ალაფიშვილი: “ელექტრონული კომუნიკაციების” კანონში ცვლილებები არაკონსტიტუციურია

views 368
უკან

იურისტი ლევან ალაფიშვილი “ელექტრონული კომუნიკაციების კანონში” დამტკიცებულ ბოლო ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ამის შესახებ მან bm.ge-ს განუცხადა.

მისი განმარტებით, კანონი ბიზნესს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას ართმევს. იურისტის შეფასებით, ეს გარემოება საქართველოს საინვესტიციო გარემოს სერიოზულად დააზარალებს, რამდენადაც ინვესტორები ქვეყანაში შემოსვლამდე ძირითადად სწორედ იმას აქცევენ ყურადღებას, როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა ქვეყანაში და რამდენად არის დაცული კანონის უზენაესობა.

საუბარია ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების კომისიას ელექტრონულ კომპანიებში სპეცმმართველის დანიშვნა შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მას შემდეგ, რაც კომპანიას დააჯარიმებს. ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომისია მმართველს ნიშნავს, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში, თუმცა, სპეცმმართველი კომპანიაში მაინც რჩება, მიუხედავად იმისა, რომ დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

“ანუ ვიღებთ რა მოცემულობას? კანონით, კომისიას ექნება შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ დავას 3 ინსტანციის სასამართლო არ გაუვლია, აღასრულოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან თავდაპირველად მიიღო. ეს უკვე ნიშნავს, რომ სერიოზული კითხვის ნიშანი ჩნდება კონსტიტუციით დაცულ სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან. სავსებით რეალურია, რომ სასამართლოს 3 ინსტანციის მიერ დავის განხილვის დასრულების შემდგომ გადაწყვეტილება დიდი ხნის აღსრულებული იყოს და აღსრულებული იყოს ბიზნესოპერატორის საწინააღმდეგოდ. ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ჩვენს საინვესტიციო გარემოს”,- აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა