მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ი აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგისთვის გრანტებს გასცემს - მეხუზლა შეთანხმებაზე

63809021af26d
ვიქტორია მღებრიშვილი
25.11.22 18:30
1148
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის შუამდგომლობით მიღწეულია შეთანხმება USAID-თან აშშ-ში, ასევე სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეაში ღვინის მარკეტინგული კამპანიებისთვის გრანტების გაცემის შესახებ. ამის შესახებ ლევან მეხუზლამ გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ საქართველოსთვის ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და გაყიდვების გაფართოების მიზნით ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, მთავრობა წელს აშშ-ში ღვინის ექსპორტის 15-20%-იან ზრდას ელის.

„ჩვენი ძალებით აშშ-ს ბაზარზე შარშან, პირველად ისტორიაში 1 მლნ ბოთლზე მეტი ღვინის გადაზიდვა მოხდა. ასევე წელს 1 მლნ ბოთლზე ექსპორტის სერტიფიკატი უკვე გაცემული გვაქვს. ბოლო 2 თვეა დარჩენილი და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით 15-20%-იანი ზრდა გვექნება.

ამავე დროს USAID-ი სოფლის მეურნეობის შუამდგომლობით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას და მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე ვართ. მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ს და შესაძლოა დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეაში USAID დაგვიდგეს გვერდით და მარკეტინგული აქტივობების გრანტების სახით დაფინანსება მოხდეს“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. ლევან მეხუზლას შეთანხმების სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერის პროექტზე ოთარ შამუგიამ 20 ნოემბერს, ფერმერის დღეზე ისაუბრა. იმ დროისთვის უწყება USAID-ის მხრიდან აშშ-ს ბაზარზე მარკეტინგული კამპანიების მხარდაჭერის დასტურს ელოდა.

ცნობისთვის: 2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი 6.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული. მხოლოდ აშშ-ში კი 4.4 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიყიდა. ეს რიცხვი წინა წლის 10 თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.8%-ით მეტია.