12.მაისი .2021 13:53

„ალბათ სისტემურ მართვაში ბევრი რამ უკეთესად შეიძლებოდა“ - გამყრელიძე #ForbesHealth-ში

„ალბათ სისტემურ მართვაში ბევრი რამ უკეთესად შეიძლებოდა“ - გამყრელიძე #ForbesHealth-ში
views 338
უკან

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. კორონავირუსულმა ინფექციამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; მილიონობით პაციენტი კი ამ დრომდე ვირუსს ებრძვის. საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 324 256-ია, ვირუსმა 4 336 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ დროის განმავლობაში, ეპიდსიტუაციის სამართავად საქართველოში ე.წ. "ლოქდაუნი" და სხვა წერტილოვანი შეზღუდვები იყო გამოცხადებული. უკვე 6 თვეა გრძელდება ე.წ. "კომენდანტის საათი", რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00-დან 05:00 საათამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შეზღუდულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ FORBES HEALTH-თან საუბრისას გასული პერიოდი შეაფასა.

კითხვას - რას შეცვლიდა ამირან გამყრელიძე covid-ის მართვისას, NCDC-ის ხელმძღვანელი ასე პასუხობს: "ალბათ უფრო მთავარი ცვლილებები სისტემურ მართვაში იქნებოდა; ვგულისხმობ არა მარტო ჯანდაცვის სფეროს, არამედ - მთლიანად, რადგან პანდემიის მართვაში მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა არ არის მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის როლი დიდია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა სფეროები".

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორში ძალიან ბევრი რამე სისტემურ ცვლილებას საჭიროებს.

"ხშირად არის კრიტიკის საგანი, თუ რატომ ჩაიკეტა ქვეყანა იმ დროს უფრო მკაცრად და არავინ აფასებს იმას, რამდენად მკაცრად იყო ქვეყანა ჩაკეტილი სხვებთან შედარებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ იმიტომ შემოვიღეთ ოდნავ მეტი შემზღუდავი ღონისძიება, რომ 2020 წლის ნოემბერში არსებულ ტალღას ქვეყანა გაზაფხულზე ვერ გაუძლებდა, რადგან ამისთვის მზად არ იყო. შემოდგომაზე საკმაოდ დიდი დაზიანებით, თუმცა სექტორმა ეს ტალღა ხომ მიიღო?! ამიტომ ის თუ რას შევცვლიდით, ალბათ დეტალურად გაანალიზდება. ვფიქრობ, შეცდომები და ხარვეზები იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ სექტემბრამდე არსებული ხაზი ჩვენს პირობებში ადეკვატური იყო. მთლიანად ქვეყნის გადასახედიდან პოლიტიკაში უნდა შევიდე და ამას არ ვიზამ, ხოლო ჯანდაცვის გადასახედიდან ძალიან ბევრ რამეს სისტემურად შევცვლიდი.

ალბათ სისტემურ მართვაში ბევრი რამ უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ ამის ბაზისი უნდა ყოფილიყო წინა 30-წლიანი პერიოდი. სამწუხაროდ, ამ 30 წლის განმავლობაში სისტემა 3-4-ჯერ შევცვალეთ და თანმიმდევრულობა ყოველთვის გვაკლდა. აქ ვიმკით ამის გარკვეულ შედეგებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი სისტემურ ცვლილებებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული", - თქვა ამირან გამყრელიძემ.