მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალდაგი“, როგორც გადამზღვეველი კომპანია, სომხეთსა და აზერბაიჯანში შევიდა

63a41ecd40347
ინგა მურუსიძე
22.12.22 13:45
1131
„ალდაგი“, როგორც გადამზღვეველი კომპანია, სომხეთსა და აზერბაიჯანში შევიდა, - ამის შესახებ „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მაგალითად სომხეთში რუსული გადამზღვეველი კომპანიები სწორედ „ალდაგს“ ჩაენაცვლებინა.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მიმდინარე მოვლენები არის კარგი შესაძლებლობა, რომ „ალდაგი“ დაპოზიციონირდეს როგორც გადამზღვეველი კომპანია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ლოკალურად, რეგიონში სხვა მზღვეველებისგან ავიღოთ რისკი ადგილობრივად, ანუ რეალურად, დაპოზიციონირდეს როგორც „ალდაგი რე ინშურერი". განსაკუთრებით საინტერესოა სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრები. სომხეთი დამოკიდებული იყო რუსულ მსხვილ გადამზღვეველ კომპანიებზე.

ახლა ვიცით, რომ რუსული გადამზღვეველი დიდი კომპანიები სანქცირებული არიან, აქედან გამომდინარე, გამოთავისუფლდა ბიზნესის ადგილი. ჩვენ ეს საშუალება არ გავუშვით და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად დავაპოზიციონირეთ და ვთქვით, რომ აქეთ გადმოვიზღვევთ რისკს. ეს ნიშნავს, რომ სომხეთში ადგილობრივი კომპანია დააზღვევს იქაურ ქონებას, ან იურიდიულ პირს, შემდეგ ჩვენთან გადმოაზღვევს რისკს. ეს არის ნდობის მაღალი მაჩვენებელი. სომხეთში უკვე გავეცით რამდენიმე რისკი", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, დეკემბრის დასაწყისში "ალდაგი" აზერბაიჯანის ეროვნულმა ბანკმაც დაარეგისტრირა გადამზღვეველ კომპანიად. "აზერბაიჯანში უკვე გავიარეთ შემოწმება, ვმუშაობდით, რომ აზერბაიჯანის ეროვნულ ბანკს ეღიარებინა "ალდაგი". უკვე 1-ელ დეკემბერს გავხდით კომპანია, რომელსაც შეუძლია აზერბაიჯანში დაზღვეული კომპანიების გადაზღვევა“, - დასძინა მან.