მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ბლუაშვილი: "ვაჭრობაზე ორიენტირებულ სექტორებში ინვესტიციები უნდა ჩაიდოს"

604b326108552
ლიკა გურაბანიძე
12.03.21 22:52
639

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.

"თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსის ალექსანდრე ბლუაშვილის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციცების კლებაზე ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, გავლენა პანდემიამაც იქონია. როგორც ბლუაშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, ქვეყანას ახალი კაპიტალის შემოდინების დეფიციტი აქვს.

“2020 წელს ახალი ინვესტიციების შემოდინება არ მომხდარა, რაც სამწუხაროა. თუმცა, თუკი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას კომპონენტებად შევხედავთ, დავინახავთ, რომ 2020 წელს ეს სრულად რეინვესტირების მაჩვენებელი იყო, რაც კარგია. თუმცა აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი ესტონური მოდელის შემოღება იყო, რომლის შემდეგაც რეინვესტირების მაჩვენებელი ბუნებრივად გაიზარდა.

რომ არა ესტონური მოდელი მონაცემები შედარებით ნაკლები იქნებოდა, რადგან რეინვესტირება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში წამყვანი მაჩვენებელი გახდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რეინვესტირება ახალი კაპიტალის შემოდინება არ არის, რაც საგადასახდელო ბალანსის დაფინანსების კუთხითაც პრობლემურია.” - აღნიშნა ბლუაშვილმა.

"თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსის თქმითვე, პრიორიტეტულია, რომ ვაჭრობაზე ორიენტირებულ სექტორებში ინვესტიციების განხორციელება მოხდეს, რადგან ქვეყანას ვაჭრობის დიდი დეფიციტი აქვს.

“მაგალითად ინვესტიცია ისეთ დარგებში უნდა ჩაიდოს, როგორიცაა დაუმუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. კარგი იქნება ინვესტიციები ვაჭრობის სექტორში ხდებოდეს, რაც შემდგომში ექსპორტის პოტენციალს დააგენერირებს. სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში დიდ აქტივობას ამ კუთხით ვერ ვხედავთ.” - განმარტა ალექსანდრე ბლუაშვილმა.

მან "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში დანახარჯების ზრდის ტემპი კიდევ უფრო გაუმჯობესდა ისეთ სეგმენტებში როგორებიცაა: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექნიკა და ავეჯი. ასევე მარტის დასაწყისიდან ხარჯვა ისეთ კატეგორიებშია გააქტიურებული, როგორიც კაფეები და რესტორნებია. დატვირთულობა იზრდება სასტუმროებშიც.