მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე: სავალუტო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ შემცირდება

60587506f2d03
ლიკა გურაბანიძე
28.03.21 10:23
1324

ქართულ საბანკო სისტემაში სავალუტო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. არსებული მდგომარეობით, ევროს დეპოზიტების საბაზრო განაკვეთი 1.32%-ია, დოლარის დეპოზიტების სარგებელი კი 2.56%-ს შეადგენს.

შედარებისთვის ერთი წლის წინ ევროს დეპოზიტების სარგებელი 1.38%, დოლარის ანგარიშის სარგებელი კი 2.97% იყო. როგორც ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, ქვეყანაში მთლიანი დეპოზიტების 62%, ანუ 22.09 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაში არის განთავსებული.

ლარის დეპოზიტების მოცულობა კი 13.49 მილიარდი, ანუ 39%-ია. ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტებიდან (18.7 მილიარდიდან) 76% უცხოური ვალუტის ანგარიშებზე მოდის. იურიდიული პირების დეპოზიტებიდან (16.9 მილიარდიდან) 45% სავალუტო დეპოზიტებზე მოდის.

საპროცენტო განაკვეთების ცვლილებებთან დაკავშირებით “საქმიან დილაში” საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა. მისი პროგნოზით, სავალუტო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შემცირდება.

“2020 წლის განმავლობაში მცირედი ცვლილებაა. ამ მიმართულებით 2020 წელს, როგორც საბაზისო წელს ვერ ავიღებთ, რადგან აქტივობა მინიმალური იყო. გასულ წელს ძირითადად რესტრუქტურიზაციები და მასზე მიბმული ახალი სესხების გაცემა ხდებოდა ანუ რეალურად ზრდა არც საკრედიტო პორტფელში და არც მთლიანად აქტივებში არ დაფიქსირებულა.

საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო დიდი კლება იქნება. 2018 წელს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესი შემოვიდა, რომელმაც გარკვეულწილად სესხების გაცემა შეზღუდა, ასევე შეზღუდა მაღალრისკიანი სესხების გაცემა, რამაც საპროცენტო განაკვეთებს მნიშვნელოვანი კვალი დაატყო” - აღნიშნა ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა საფინანსო სექტორში ლარიზაციის დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიამ ლარიზაციის პროცესი სადეპოზიტო პორტფელთან მიმართებით მნიშვნელოვნად დააზიანა.

“62%-ზე ვინარჩუნებთ სადეპოზიტო პორტფელში დოლარიზაციის მაჩვენებელს, რაც იმის ნიშანია, რომ ლარიზაციის პროცესი ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით წარმატებული არ არის. ამ პროცესის ნაწილია უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთების კლება. ეს მუდმივი დინამიკაა და ასე შენარჩუნდება” - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.