მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba დამატებით 15,000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს

64772ef4a18c1
გიორგი თოლორდავა
31.05.23 18:39
777
უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Alibaba მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 15,000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

Alibaba-ს წარმომადგენლობის განცხადებით, თანამშრომელთა რაოდენობა განსაკუთრებით მკვეთრად გაიზრდება ხელოვნური ინტელექტისა და Cloud-სერვისების მიმართულებით.

სამუშაო ძალის გაზრდა პირდაპირ კავშირშია ჰოლდინგის რეორგანიზაციასთან და 6 შვილობილი კომპანიის წარმოქმნასთან. Alibaba-დან გამოყოფილი კომპანიები საფონდო ბირჟაზე ცალ-ცალკე დაილისტებიან, მათ კი დამოუკიდებელი მენეჯმენტი, აღმასრულებელი ხელმძღვანელები და დირექტორთა საბჭო ეყოლებათ.

თავად Alibaba მხოლოდ მშობელი კომპანიის სიმბოლურ ფუნქციას შეასრულებს და მას ისევ დანიელ ჟანგი გაუძღვება. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში Alibaba ნამდვილ გიგანტად ჩამოყალიბდა, რომელიც ახლა იმდენად დიდი, ჩახლართული და კომპლექსურია, რომ მისი ეფექტიანად მართვა ერთი მენეჯმენტის მიერ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც უმჯობესია, რომ ჰოლდინგი შედარებით მცირე ნაწილებად დაიშალოს და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის გამოცდილი გუნდი სტარტაპულ ფილოსოფიაზე გადაერთოს, რაც მოქნილობას, სწრაფ განვითარებას და ინოვაციურობას გულისხმობს.

საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია იმ კომპანიებს სახელწოდება, რომლებიც Alibaba-ს გამოეყოფიან, მათ შორისაა: Cloud-სერვისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე კონცენტრირებული Cloud Intelligence Group-ი; საცალო ვაჭრობაზე ფოკუსირებული Taobao Commerce Group-ი; ჩინეთის მასშტაბით დისტრიბუციის მიმართულებით მომუშავე Local Services Group-ი; აგრეთვე ლოგისტიკური Smart Logistics Group-ი; მედიაზე კონცენტრირებული Digital Media and Enertrainment Group-ი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ელექტრონული კომერციის პლატფორმის მქონე Digital Commerce Group-ი, რომელიც Alibaba-სა და Aliexpress-ის პლატფორმებს გააერთიანებს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.