მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba-მ "მარტოხელების დღეს" რეკორდული $38 მლრდ-ის პროდუქცია გაყიდა

5dca53e0a7111
მიხეილ ხაჩიძე
12.11.19 14:00
1180

ჩინურმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Alibaba-მ „მარტოხელების დღეს“ , რომელიც ამ დროისათვის ჩინეთში, უკვე დასრულებულია, ახალი რეკორდი დაამყარა. როგორც South China Morning Post  წერს, საცალო გაყიდვების ყოველწლიური ფესტივალიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 268 მილიარდი იუანი შეადგინა, რაც 38,4 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.  შედარებისთვის, გასული წლის მაჩვენებელი 213.5 მილიარდ იუანი იყო, რაც 30,7 მილიარდი დოლარია.


როგორც Alibaba-ს ხელმძღვანელობა ჩინურ მედიასთან საუბრისას თქვა, ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია აიპედები, ლეპტოპები, Huawei Mate 30 Pro და iPhone 11 Pro-ს მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი იყო.


ყოველწლიური გაყიდვების ფესტივალში, რომელიც ტრადიციულად, 11 ნოემბერს იმართება, დაახლოებით ერთმა მილიარდმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. Bloomberg-ის ცნობით, ისინი არა მხოლოდ ჩინეთის მაცხოვრებლები იყვნენ, არამედ მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - მათ შორის რუსეთიდან და არგენტინიდან.

 

აღსანიშნავია, რომ "ალიბაბამ" პირველი მილიარდის ღირებულების პროდუქციის გაყიდვა ფესტივალის დაწყებიდან 68 წამში შეძლო. ასევე, 1 წამში კომპანიაში 544,000 შეკვეთა შევიდა. Alibaba-ს გაყიდვები ე.წ. „მარტოხელების დღეს“ (Singles Day) მხოლოდ 1 საათში 16 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

 

წელს "ალიბაბამ" ტრადიციულად გაყიდვების სარეკლამო კამპანიაც ჩაატარა, სადაც ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი და ჩინელი შემსრულებელი G.E.M. მონაწილეობდნენ. ჯეკ მას მიერ დაფუძნებული კონცერნი „მარტოხელების დღეს“ 2009 წლიდან მართავს.

 

ჩინელმა მილიარდერმა ჯეკ მამ 17 პარტნიორთან ერთად, საცალო გაყიდვების ინტერნეტ კომპანია Alibaba 1999 წელს დააარსა. 20 წლის შემდეგ, კომპანია სახალხო რესპუბლიკაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა; მისი საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 460 მილიარდი დოლარია და 66,000 ადამიანს ასაქმებს.


შეგახსენებთ, რომ ჯეკ მა Alibaba-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან სექტემბერში ნებაყოფლობით გადადგა. პოსტიდან წასვლის შემდეგ, მილიარდერი გეგმავდა იმ საქმეს დაბრუნებოდა, რითიც კარიერა დაიწყო, კერძოდ, სკოლაში ინგლისური ენა და ლიტერატურა ესწავლებინა. ამასთან, გადადგომის შემდეგ, მილიარდერს სურს დროის დიდი ნაწილი და ენერგია ქველმოქმედებას მოახმაროს.