მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ALIBABA-ს დაშლა და ჯეკ მას დაბრუნება – რა ხდება ჩინეთში?

642be049ecc4c
გიორგი თოლორდავა
04.04.23 19:00
2060
ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის გარშემო მნიშვნელოვანი სიახლეებია - გასულ კვირას საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ Alibaba-ს $270-მილიარდიანი ჰოლდინგი 6 დამოუკიდებელ ნაწილად იშლება.

Alibaba-ს ჰოლდინგიდან გამოყოფილი კომპანიები საფონდო ბირჟაზე ცალ-ცალკე დაილისტებიან, მათ კი დამოუკიდებელი მენეჯმენტი, აღმასრულებელი ხელმძღვანელები და დირექტორთა საბჭო ეყოლებათ.

თავად Alibaba მხოლოდ მშობელი კომპანიის სიმბოლურ ფუნქციას შეასრულებს და მას ისევ დანიელ ჟანგი გაუძღვება. ექსპერტების შეფასებით, Alibaba ამერიკული Alphabet-ის მსგავსი ჰოლდინგი გახდება, რომელიც თავის მხრივ, ტექნოლოგიურ გიგანტ Google-ს ფლობს.

ჟანგის განმარტებით, წლების განმავლობაში Alibaba ნამდვილ გიგანტად ჩამოყალიბდა, რომელიც ახლა იმდენად დიდი და კომპლექსურია, რომ მისი ეფექტიანად მართვა ერთი მენეჯმენტის მიერ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც უმჯობესია, რომ ჰოლდინგი შედარებით მცირე ნაწილებად დაიშალოს და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის გამოცდილი გუნდი სტარტაპული მუშაობის სტრატეგიაზე გადაერთოს, რაც მოქნილობას, სწრაფ განვითარებას და ინოვაციურობას გულისხმობს.

Alibaba-ს ჰოლდინგს შემდეგი კომპანიები გამოეყოფიან: პირველია Cloud-სერვისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე კონცენტრირებული Cloud Intelligence Group-ი, რომელიც დამოუკიდებლად იფუნქციონირებს და კონკურენციას ამაზონის AWS-ს გაუწევს. მეორე იქნება საცალო ვაჭრობაზე ფოკუსირებული Taobao Commerce Group-ი, რომელიც ძირითადად აზიის რეგიონში ოპერირებს. ჰოლდინგს აგრეთვე გამოეყოფა Local Services Group-ი, რომელიც ჩინეთის მასშტაბით სადისტრიბუციო სერვისების მიმწოდებელია. Alibaba-ს მეოთხე შვილობილი კომპანია იქნება Smart Logistics Group-ი, ეს უკანასკნელი კი,სახელიდან გამომდინარე, ლოგისტიკური საქმიანობითაა დაკავებული. გარდა ამისა, იგეგმება Alibaba-ს პორტფელის გაძლიერება სოციალური მედიისა და გართობის მიმართულებით, რაზეც ახალი კომპანია Digital Media Group-ი იზრუნებს. რაც შეეხება ჰოლდინგის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიას, ეს იქნება Digital Commerce Group-ი, რომელიც ელექტრონული კომერციის პლატფორმებს, Alibaba-სა და Aliexpress-ს გააერთიანებს.

მსგავსი მასშტაბის რესტრუქტურიზაცია ჩინეთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა და ის ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 15%-ზე მეტით გაიზარდა. ამჟამად Alibaba-ს კაპიტალიზაცია 270 მილიარდ დოლარს აღწევს. Morgan Stanley-ს პროგნოზით, რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ, ჰოლდინგის საბაზრო ღირებულება 500 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ცნობისთვის, 2020 წელს Alibaba-ს კაპიტალიზაცია $840 მილიარდს შეადგენდა, თუმცა მას შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 70%-ით დაეცა.

Alibaba-ს დაღმასვლა მის დამფუძნებელს, ჯეკ მას უკავშირდება, რომელიც ამჟამად პოლიტიკური დევნილია. ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ბიზნესმენი იყო და მისი ქონება $60 მილიარდს აღწევდა, თუმცა მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, ის მწვავე პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა. ამჟამად ჩინელი მეწარმე უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 55-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული და მისი ქონება 25 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ექსპერტების შეფასებით, Alibaba-ს დაშლაც სწორედ ჩინეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნითაა განპირობებული, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტების მიმართა განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა.

ჯეკ მას დაღმასვლა 2020 წლის 24 ოქტომბერთანაა დაკავშირებული, როდესაც ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე ის 20-წუთიანი საბედისწერო სიტყვით წარსდგა. დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას შორის იყვნენ: კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები, სამინისტროების წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, გავლენიანი მეწარმეები და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები.

სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე მეამბოხე მეწარმემ საჯაროდ, მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები აწ უკვე მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.

ჯეკ მამ განაცხადა, რომ ბიზნესის მიმართ მთავრობის მიდგომა უნდა შეცვლილიყო, ბიუროკრატიის გავლენა კერძო სექტორზე უნდა შემცირებულიყო, კომპანიების განვითარების საკითხი კი თავისუფალი ბაზრის პრინციპით უნდა გადამწყდარიყო.

მისი სიტყვით გამოსვლის უდიდესი ნაწილი რეგულაციების, ინოვაციისა და ფინანსური რისკების საკითხებს შეეხო.

ბუნებრივია, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, უფრო მეტიც, ჯეკ მას სიტყვით გამოსვლამ თავად ქვეყნის ლიდერი სი ძინპინიც განარისხა. ჩინეთის თანამედროვე ისტორია კი იმას ცხადყოფს, რომ ძინპინთან დაპირისპირება კარგად არავისთვის სრულდება.

ჯეკ მას სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო; ორ დღეში შეიქმნა ახალი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი; ზუსტად ერთ კვირაში კი მარეგულირებელმა ორგანომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაბლოკა.

ჯერ კიდევ ბუნდის ეკონომიკურ სამიტამდე დაგეგმილი იყო, რომ 2020 წელს Ant Group-ის აქციები საფონდო ბირჟაზე უნდა განთავსებულიყო, IPO-ს წინასწარი შეფასება კი 37 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ჯეკ მას სიტყვით გამოსვლის გამო, მთავრობამ გარიგება ჩაშალა, Ant Group-ს კი საფონდო ბირჟაზე განთავსების უფლება არ მიეცა.

ძინპინის რისხვა მხოლოდ IPO-ს ჩაშლით არ შემოფარგლულა, რამდენიმე თვეში მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კომპანია Alibaba გახდა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია.

სიტყვით გამოსვლიდან მალე ჯეკ მას ქვეყნის დატოვებაც მოუწია. ის თითქმის ორი წლის განმავლობაში საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებდა და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდა. საინტერესოა, რომ Alibaba-ს რესტრუქტურიზაციის ამბის გავრცელების პარალელურად, ჯეკ მა ჩინეთში, მშობლიურ ჰანჟოუში დაბრუნდა, სადაც ის ერთ-ერთ სკოლაში იმყოფებოდა საჯარო შეხვედრაზე.

ზუსტად რატომ დაბრუნდა მეამბოხე მეწარმე ჩინეთში, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს სწორედ Alibaba-სთან იყოს დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ ჯეკ მა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენია, რომელიც წლების განმავლობაში ჩინეთის დე-ფაქტო ბიზნესელჩის როლსაც ასრულებდა. ჯეკ მას პოლიტიკურ დევნილად ქცევამ ჩინეთის საინვესტიციო იმიჯი მნიშვნელოვნად გააუარესა, პრაგმატულ კომუნისტურ მთავრობას კი კარგად ესმის, რომ შურისძიებაზე ქვეყნის გადაყოლება ნამდვილად არ ღირს, ჯეკ მას დაბრუნება კი, შესაძლოა, იმის მაუწყებელი იყოს, რომ სი ძინპინმა თავისი შეცდომები გაიაზრა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეწარმის დევნა საბოლოოდ შეწყვიტა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.