მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალისარჩულის ზეთის ყაზახური მწარმოებელი პროდუქტის ქართულ ბაზარზე შემოტანას გეგმავს

62557af5875a7
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.22 22:13
1514
მცენარეული საფლორის, იგივე ალისარჩულის ზეთის მწარმოებელი ყაზახური კომპანია, საქართველოს ბაზარზე თავისი პროდუქტის შემოტანას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის ყაზახური კომპანია Kaz-IR AGRO-ს ფინანსურმა დირექტორმა ელენა სტეპანოვამ, საქართველოში 7 აპრილს გამართულ ქართულ-ყაზახურ ბიზნეს ფორუმზე განუცხადა.

ცივი დაწურვის, არარაფინირებული საფლორის ზეთის მწარმოებელი კომპანია Kaz-IR AGRO ყაზახეთში 2006 წლიდან ოპერირებს და ზეთთან ერთად ყვავილის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენიდან, ცხოველისთვის განკუთვნილ საკვებს აწარმოებს. კომპანიის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ზეთი Safloria-ს ბრენდის ქვეშ ევროპაში, ჩინეთში, იაპონიაში გადის. კომპანიაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში უნიკალური პროდუქტის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება. შედეგად Safloria-ს ზეთის წარმოება 3 წელში 3-ჯერ გაიზარდა.

ელენა სტეპანოვა აღნიშნავს, რომ ალისარჩულის ზეთი სასარგებლო თვისებებით ზეითუნის ზეთის თვისებებს უტოლდება და მას სწორ კვებაში, ფარმაკოლოგიაში, კოსმეტოლოგიაში, პურის წარმოებაში გამოიყენებენ. კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოში 6-8 აპრილს გამართული ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი ყაზახური კომპანიისთვის ქართულ ბაზარზე შემოსვლის კარგი შესაძლებლობაა.

„გვინდა მოვიძიოთ სადისტრიბუციო ქსელი, რომელსაც ზეთს არა ბრენდირებულად, ბოთლებით დაფასოებულს, არამედ დიდი მოცულობებით მივაწვდით და ის თავად შეძლებს მის ჩამოსხმასა და ბაზარზე რეალიზებას. ეს ფორმა ჩვენთვის მისაღებია, რადგან ქართული პურის საწარმოები, კულინარიისა და ფარმაკოლოგიის წარმომადგენლები ამით დაინტერესებულები არიან.

პოტენციური პარტნიორის მოძიების შემდეგ, ჩვენ ახალი პროდუქტის მომხმარებლისთვის გაცნობის მიზნით, საფლორის ზეთის ბაზარზე შესვლის სტრატეგიას განვსაზღვრავთ. საფლორის ზეთის რეალიზება უპირველესად ალბათ, ონლაინ გაყიდვების გზით მოხდება და ის ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებზე იქნება გათვლილი. ვფიქრობთ, ქართული სადისტრიბუციო კომპანიის მეშვეობით მისი შეტანა ეკომაღაზიებშიც შესაძლებელი იქნება“, - განმარტა Kaz-IR AGRO-ს ფინანსურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს 1 ლიტრი არარაფინირებული, მაღალი ხარისხის ზეთის ღირებულება 2.6 დოლარია და ეს საქართველოში დახლებზე არსებული რაფინირებული მზესუმზირის ზეთზე მცირედით მეტია, არარაფინირებული ზეთი კი უფრო ჯანსაღია.

„ვფიქრობთ, საქართველოში საწყის ეტაპზე თვეში 60-100 ტონა ზეთის მოწოდებას შევძლებთ, შემდეგ ეტაპებზე კი მოცულობები გაიზრდება. ახლა მოლაპარაკებებს ქართულ ლოგისტიკურ კომპანიებთან ვაწარმოებთ და ვფიქრობთ, როგორ შეიძლება პროდუქტის ხელსაყრელ ფასად ტრანსპორტირება“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ საქართველოში, კომპანიის მიერ წარმოებულ ცხოველთა კვებაზეც დიდი ინტერესია.

„მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ალისარჩულის ზეთზე მოთხოვნა სულ უფრო გაიზრდება, რამეთუ ის ბუნებრივ პირობებში, ზედმეტი მორწყვისა და მოვლის გარეშე მოდის“, - აღნიშნა ელენა სტეპანოვამ.