მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეძლებს თუ არა საქმიანობის გაგრძელებას „ჯორჯიან ეარვეისი“, შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი

6256ceba2d545
ნინო ტაბატაძე
13.04.22 17:26
1128
შეძლებს თუ არა საქმიანობის გაგრძელებას „ჯორჯიან ეარვეისი“, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. საქმე ის არის, რომ მილიონობით ლარის დავალიანების გამო, ავიაკომპანია 2021 წლის 31 დეკემბრიდან რეაბილიტაციის რეჟიმშია, თუმცა საქმიანობის გასაგრძელებლად სახელმწიფოსა და ძირითად კრედიტორთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა, რაც მისი რეაბილიტაციის უნარს ეჭვქვეშ აყენებს.

„საუბარი ჯერ არ არის, როგორ მოხდება ვალის გასტუმრება; ჯერ ვერ დაჯდა ის მოდელი, როგორ უნდა გააგრძელოს საქმიანობა "ჯორჯიან ეარვეისმა", ვალი რომც არ ჰქონდეს. რამდენიმე ფაქტორზეა ეს დამოკიდებული, რაც, ჯერჯერობით, ვერ შეთანხმდა სახელმწიფოსა და რამდენიმე ძირითად კრედიტორთან, რომლებთანაც მომავალში უნდა ითანამშრომლოს. ვინაიდან ეს პრობლემებია სახეზე, ამიტომ შინაარსობრივად დალაგებული ფორმით რეაბილიტაციის გეგმა არ გვაქვს. თუ მომავალ კვირაში ვერ მოხდა შეთანხმება, სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დავდგებით რეაბილიტაციაუნარიანი არის თუ არა საერთოდ კომპანია“, - განუცხადა BMG -ის იურიდიული კომპანია BLC- ის პარტნიორმა და “ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენელმა გიგა ბათლიძემ.

მისი თქმით, კომპანიას ჯერ კიდევ აქვს ვადა ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მოთხოვნები დაიცვას და რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცოს.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" 16 ათასი მგზავრისა და ათობით კომპანიის ვალი აქვს, რაც რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების პროცესში 176 მილიონ ლარს უტოლდებოდა.

კომპანიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ ითხოვენ სხვა ავიაკომპანიებთან მიმართებით სამართლიანი კონკურენტული პირობების დაწესებას, რასაც "ჯორჯიან ეარვეისის" რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ექნება. უფრო კონკრეტულად, ავიაკომპანია ითხოვს საქართველოში ოპერირებად დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს და "ჯორჯიან ეარვეისს" თანაბარი პირობები ჰქონდეთ.