მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ალმა" გარე რეკლამის ინდუსტრიაში ინოვაციური პროექტების დანერგვას გააგრძელებს - სოსო ფხაკაძე

6114eec88ba89
BM.GE
12.08.21 13:45
1286
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კომპანია "ალმას" მიერ გარე რეკლამების ტენდერში გამარჯვებას გამოეხმაურა. ფხაკაძე აღნიშნავს, რომ "ალმა", რომელიც "ვისოლ ჯგუფის" შემადგენლობაში შედის, მომავალში არაერთ ინოვაციურ პროექტს განახორციელებს. 

გარე რეკლამების ლიცენზიისთვის გამოცხადებული ტენდერი რამდდენიმე დღის წინ დასრულდა და მასში კომპანია "ალმამ" გაიმარჯვა, რომელიც ლიცენზიას წინა ხელშეკრულებითაც ფლობდა. კომპანია დედაქალაქის ბიუჯეტში 34.8 მილიონ ლარს გადაიხდის. 

"მოხარულნი ვართ, რომ ჩვენ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ, შპს “ალმამ”, მოიპოვა გამარჯვება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების უფლებასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ არანაკლებ მოხარულნი ვართ, რომ გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის სანაცვლოდ ჩვენი დედაქალაქის ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 34.8 მლნ ლარს. ფაქტია, რომ დედაქალაქმა ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება შეძლო.

ამასთან, როგორც ცნობილია, ჩვენი ჯგუფი უკვე 23 წელია ჩართულია გარე რეკლამის ინდუსტრიაში; შპს “ალმამ” კი, რომელიც ჩვენ წლების წინ შევისყიდეთ, ჩვენს ჯგუფზე კიდევ უფრო ადრე, 1995 წელს დაიწყო ამ სექტორში ოპერირება.

ზემოაღნიშნული ისტორიის გათვალისწინებით, როგორც ადრეც ვიუწყებოდით, აუქციონში გამარჯვება “ალმასთვის” მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილება იყო. თუმცაღა, ობიექტურად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ადგილობრივი ბიზნესისათვის ეს საკმაოდ მსხვილი ინვესტიციაა და შესაბამისად, ჩვენ ჯგუფს წლების განმავლობაში მოუწევს ძალიან ბევრი მუშაობა იმისათვის, რომ გავამართლოთ განხორციელებული ინვესტიცია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შპს “ალმას” ფორმატში ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რითაც ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ, როგორც ბიზნესის განვითარების, ასევე დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესება-გათანამედროვების კუთხით. “ალმას" მთელი ამ მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი პროფესიული გამოცდილება მიმართული იქნება გარე რეკლამის ინდუსტრიის განვითარებასა და ინოვაციური პროექტების დანერგვისაკენ” - განაცხადა ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.