მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ალტ-ინფოს” ქვეყნის მასშტაბით გავრცელების ნებართვა მისცეს - “მედიის უფლებები” არათანასწორ მიდგომებზე საუბრობს

613b498071009
სალომე მეცხვარიშვილი
10.09.21 16:50
1230
კომუნიკაციების კომისიამ შპს “ალტ-ინფოს” ქვეყნის მასშტაბით გავრცელების ნებართვა მისცა - შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

ორგანიზაცია “მედიის უფლებების” ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისიის წევრებს კითხვები არ დაუსვამთ: მაგალითად, კომისიას არ გამოუკვლევია განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია ეროვნული გავრცელებისათვის საჭირო ხარჯებისა თუ დაფინანსების წყაროების შესახებ. ორგანიზაციის ცნობით, განსხვავებული პრაქტიკა ჰქონდა კომუნიკაციების კომისიას სხვა განმცხადებლების მიმართ, მაგალითად:

“კომისიამ უარი უთხრა ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციას“ ონლაინ მაუწყებლად ავტორიზაციაზე და მოითხოვა მისგან აუდიტორულად დამოწმებული ცნობა საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ასევე აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კანონში მითითება აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის თაობაზე არ ყოფილა.

კომისიამ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციების წარუდგენლობა ერთ-ერთ ხარვეზად მიიჩნია “ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაშიც”,- ნათქვამია ყოველკვირეულ ანგარიშში, რომელსაც “მედიის უფლებებისთვის” ავრცელებს.

მათი თქმით, კითხვები დაფინანსების შესახებ არ დასმულა, მიუხედავად იმისა, რომ მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით გავრცელებისთვის ფინანსური რესურსია საჭირო:

“ქვეყნის მასშტაბით გავრცელების ტარიფი 1მგბ/წმ-ით გავრცელებისთვის 8900 (რვა ათას ცხრაასი) ლარი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.

სტანდარტული გარჩევადობის ხარისხის (SD) მისაღებად კი საჭიროა მინიმუმ 2.15 მგბ/წმ, რაც კვარტალში 57 400 ლარს აღემატება”,- აცხადებენ ორგანიზაციაში “მედიის უფლებები”, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას აკვირდება.

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის შემდეგ, “ალტ ინფო” მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიაზე 15 სექტემბრიდან გავრცელდება. “ალტ ინფოს” მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათია, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

შეგახსენებთ, რომ სწორედ “ალტ ინფო” იყო ივლისის დასაწყისში გამართული “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი მოწინააღმდეგე და გამართული აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.