მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალტერსოქსი": ონლაინ გაყიდვების წილი მიზერულია

5ed3551983ae3
ანი ციხისთავი
31.05.20 11:25
1116
“ალტერსოქსის” მაღაზიები ძირითად სავაჭრო ცენტრებშია განთავსებული, რომლებიც დღემდე დახურულია პანდემიის გამო. ასეთ პირობებში “ალტერსოქსი” ონლაინ გაყიდვებზე გადაეწყო, თუმცა ეს მაჩვენებელი მინიმუმზეა - კომპანიის გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე BM.GE-ს “ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელმა ნინა მენთეშაშვილმა უამბო.

მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში “ალტერსოქსმა” ფაქტიურად სრულად შეაჩერა საქმიანობა, რადგან მაღაზიების დახურვასთან ერთად, არც ონლაინ ვაჭრობის უფლება ჰქონდა.

“დაახლოებით 2 კვირაა, რაც დავიწყეთ ონლაინ ვაჭრობა. ეს კი ნიშნავს, რომ მიზერულ რაოდენობას ვყიდით. ჩვენი გაყიდვების ძირითადი ნაწილი ყოველთვის მაღაზიებზე მოდიოდა, ონლაინ გაყიდვებს არც არასდროს ჰქონდა განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი”, - აღნიშნავს მენთეშაშვილი.

პანდემიის გამო, კომპანიამ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა. “მარტის ხელფასი სრულად გადავუხადეთ დასაქმებულებს, თუმცა მას შემდეგ მუშაობა შევწყვიტეთ. როგორც კი სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, ყველა მათგანი ჩვეულებრივად დაუბრუნდება სამუშაოს”, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება წინდების წარმოებას, ნინა მენთეშაშვილის თქმით, საგანგებო მდგომაროების გამო “ალტერსოქსის” პარტნიორი საწარმოს მუშაობაც შეჩერებული იყო. “უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა წარმოებას. მარაგები გვქონდა, მაღაზიები კი დაკეტილია. სულ რამდენიმე დღეა რაც განახლდა წარმოება”, - გვიყვება ის.

პანდემიამ კომპანიის ექსპორტის გეგმებიც სრულად შეცვალა.

“ექსპორტი ძალზედ გართულდა. ტვირთები და პროდუქცია ბევრად უფრო ნელა ჩადის დანიშნულების ადგილას, ვიდრე პანდემიამდე. ამის მიუხედავად, მოვახერხეთ და გავაგრძელეთ თანამშრომლობა ჩვენს მუდმივ პარტნიორებთან: გერმანიასთან, საფრანგეთთან და ინგლისთან. გარდა ამისა, ბოლო დღეებში მივიღეთ ერთჯერადი შეკვეთა ისრაელიდანაც”, - ყვება კომპანიის თანადამფუძნებელი.

მისივე თქმით, “ალტერსოქსის” სამომავლო გეგმებში ექსპორტისა და ადგილობრივი გაყიდვების ძველ ნიშნულზე დაბრუნება შედის.

“ზაფხული ისედაც არ არის წინდების სეზონი, ამ დროს ძირითადად ტურისტებზე ვმუშაობთ ხოლმე. წელს ესეც არ ვიცით რამდენად იქნება ტურისტების ნაკადი საქართველოში. ამიტომ წინასწარ საუბარი ძალიან ძნელია. ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში ვართ”, - აცხადებს ნინა მენთეშაშვილი.