მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტერსოქსი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს - სად გაიყიდება საქართველოში წარმოებული წინდები?

63a5a6b41f6a8
თინათინ ნატმელაძე
24.12.22 00:05
724
წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია „ალტერსოქსი“, რომელიც ბაზარზე უკვე მე-7 წელია ოპერირებს, საექსპორტო ბაზრებს აფართოებს.

როგორც BM.GE-თან კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ბესელაშვილმა განაცხადა ამჯერად მოლაპარაკებებს რომში აწარმოებენ.

„წელს ყველაზე მსხვილი პარტნიორი სიცილიაში დაგვემატა, რომელთანაც ექსკლუზიური შეთანხმება გვაქვს, რომ ის მხოლოდ ჩვენს წინდებს გაყიდის და ჩვენც მხოლოდ მათ მივაწვდით პროდუქციას. სიცილიაში იყიდება, როგორც ჩვენი აქამდე არსებული მოდელები, ისე სპეციალურად მათი დაკვეთით შექმნილებიც და 2022 წლის მანძილზე უკვე 30 000 ცალი ერთეული გავგზავნეთ. ახლახან მოლაპარაკებები რომშიც დავიწყეთ, ჯერ ვადები გაწერილი არ გვაქვს, თუმცა 2023 წლიდან ჩვენს წინდებს რომშიც გავიტანთ. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ჩვენს გაყიდვებში ექსპორტმა 30-35% შეადგინა,“ - განაცხადა რევაზ ბესელაშვილმა.

ბესელაშვილის ინფორმაციით, „ალტერსოქსის“ წინდები უკვე Amazon-ზე და EDSY-ზე იყიდება, უახლოეს მომავალში კი ShopeePay-ზე საკუთარი პლატფორმის გაკეთებას გეგმავენ.

„Amazon-ზე და EDSY-ზე ჩვენი პროდუქცია უკვე იყიდება, ამერიკაში პარტნიორი კომპანია გვყავს, რომელიც ჩვენი პროდუქციის ამერიკაში დასაწყობებაში გვეხმარება. ამჟამად ჩვენი პროდუქციის Amazon-ზე გაყიდვას საკმაოდ მცირე წილი უჭირავს ჩვენს რეალიზებაში, მაგრამ სამომავლოდ ამის გაზრდაც იგეგმება, პირველ რიგში კი ShopeePay-ზე ჩვენი პლატფორმის გაკეთებას ვგეგმავთ,“ - ამბობს „ალტერსოქსის“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება გამოწვევებს, რევაზ ბესელაშვილი გვიყვება, რომ მიმდინარე წელი 2020-2021 წელზე უკეთესი იყო, თუმცა პანდემიამდელ ნიშნულს მაინც ვერ დაუბრუნდნენ.

"2022 წელი წინა წლებზე უკეთესი იყო, მაგრამ პანდემიამდელ ნიშნულს მაინც ვერ დავუბრუნდით. კადრების ნაკლებობა გვქონდა, რომელიც გარკვეულ წილად გადავლახეთ, ამას ლარის ხელოვნური გამყარების ფაქტიც დაემატა. ჩვენ სიცილიელ პარტნიორებთან ევროში ფასზე გასულ წელს შევთანხმდით, შემდეგ კი, როდესაც ლარი გამყარდა, ჩვენი მარჟა საგრძნობლად შემცირდა,“ - განმარტავს ბესელაშვილი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კომპანია „ალტერსოქსი“ ამ ეტაპზე 20 ადამიანს ასაქმებს.