მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ დროს გახარიას წასვლა უპასუხისმგებლობად მიმაჩნია” - რევაზ ვაშაკიძე

602e95afaed4d
ანუკა ჯოხაძე
18.02.21 22:00
1109
“ამ დროს გიორგი გახარიას წასვლა უპასუხისმგებლობად მიმაჩნია”- ასე აფასებს კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პოსტის დატოვების გადაწყვეტილებას. როგორც ვაშაკიძე ამბობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგარეო ვალი გაიზარდა, რომლის გადახდაც არსებული ფინანსური სახსრებით რთულია. შესაბამისად, მისი თქმით, ამ კრიზისულ მდგომარეობაში გახარიას წასვლის გადაწვეტილება არ უნდა მიეღო.

“გიორგი გახარიასთან რამდენიმე წლის ურთიერთობა მაქვს. როდესაც ის ბიზნესომბუდსმენი იყო, ძალიან აქტიური იყო და ბევრ კარგ რამეს აკეთებდა. შესაბამისად, ეს შეცვლა რაც მოხდა მართებული იყო. ის უფრო ძლიერი იყო, ვიდრე გუნდის სხვა წევრები. ახლა გახარიას წასვლა უფრო დიდ კრიზისს გამოიწვევს. ამას კი თუ დავამატებთ იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სახელმწიფომ აიღო ძალიან ბევრი კრედიტი, რომლის მომსახურება საკმაოდ მძიმეა. ასევე ამას ემატება ისიც, რომ ბიუჯეტი ვერ შეივსება სრულად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამ დროს პრემიერ-მინისტრის წასვლა უპასუხისმგებლობად მიმაჩნია.”- აცხადებს "ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე.

კითხვაზე რას ელოდება ბიზნესმენი ახალი პრემიერისგან და გუნდისგან, რომელიც გიორგი გახარიას ჩაანაცვლებს, რევაზ ვაშაკიძე გვპასუხობს, რომ უნდა მოხდეს არაპრიორიტეტული ხარჯების ოპტიმიზაცია, რომ არსებული ფინანსური სახსრები დღეისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს მოხმარდეს.

“ბიუჯეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შემოსავლებიც მცირდება და არ იზრდება. ეს კი დიდი პრობლემაა ქვეყნის ვალდებულებების ნაწილში. ჩემი აზრით, დროულად უნდა მოხდეს იმ ვალდებულებების შემცირება, რომელიც აუცილებელი არ არის დღევანდელ პირობებში. მაგალითად კულტურა, სპორტი, მეცნიერება, რომ საპენსიო, სამედიცინო მიმართულებები შევინარჩუნოთ. ის მთავრობა, რომელიც მოვა, არაპოპულარული იქნება, იმიტომ რომ ამ ზომების გატარების შემდეგ პოპულარობა მკვეთრად დაეცემა.” - აცხადებს "ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე.