მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია - მინისტრი EU-ში განაცხადზე

6290944cd7a0d
მარიამ ვარადაშვილი
27.05.22 13:08
717
საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე საკუთარ დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მოამზადებს.

ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მისულმა მინისტრმა ასევე თქვა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ ქვეყნებს შორის საქართველო ყოველთვის ლიდერი ქვეყანა იყო, რისი მიზეზიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებებია, რაც საქართველომ მიიღო.

“მოცემულ ეტაპზე, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, მაშინ როცა საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება. აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზადაა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ამგვარი გადაწყვეტილება ევროკავშირის მზაობასაც მოითხოვს, რათა ორგანიზაციამ კარი გაუღოს ახალ წევრებს. მოგეხსენებათ, წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ამასთან, კითხვარის შევსება საქართველოსთვის გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია ეს უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. მთავრობამ კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.