მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ კანონპროექტით ტყის მართვის რეფორმას ვუდებთ საფუძველს" - წილოსანი ტყის კოდექსზე

5e444819cc4f1
BM.GE
12.02.20 23:23
984
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ნინო წილოსანის შეფასებით, ტყის კოდექსის სახით კომიტეტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს იხილავს, რომელზეც მომავალში დიდად იქნება დამოკიდებული ტყის მოვლა და მისი სწორად მართვა, რათა ტყის რესურსის განადგურება მნიშვნელოვნად აღიკვეთოს.

„ამ კანონპროექტით ტყის მართვის რეფორმას ვუდებთ საფუძველს. უმნიშვნელოვანესი კოდექსია, რომელიც არა მხოლოდ ტყის დაკონსერვებას, რაც ფაქტობრივად აქამდე გვქონდა და არასწორ მართვას, არამედ ტყის მოვლას და სწორ მართვას გეგმავს, როგორც სამეურნეო, ასევე სოციალური პრინციპებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დაწყებამდე ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ტყის კოდექსი მოხსენიებულია ევროკომისიის ანგარიშში როგორც ერთ-ერთი პროგრესული რეფორმის ნაწილი, მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე. ტყის კოდექსის შემუშავების პროექტი მსოფლიო ბანკის ეგიდით განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მათ ამ პროექტზე ასევე გააკეთეს სოციალური და ეკონომიკური შეფასება, საიდანაც ამ კოდექსის 52-მა მუხლმა ძალიან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, ხოლო დანარჩენმა - პოზიტიური.

ევროკომისიის ბოლო, 2019 წლის ანგარიშს გამოეხმაურა ძირითადი მომხსენებელიც - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი. მისი თქმით, ამ ანგარიშში, ფაქტობრივად ბოლო წლებში პირველად მოხდა მითითება ტყის კოდექსთან დაკავშირებით და აღინიშნა იმის თაობაზე, რომ მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დამკვიდრება.

კანონპროექტი, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, შედგება პრეამბულის, 22 თავისა და 98 მუხლისაგან.

კოდექსის ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.