მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ კუთხით სიახლე არაფერია“ - „ვაქცინაციის ოფიცრები“ რეგიონებში ამ დრომდე არ ჩანან

60a6642a7a958
ინგა მურუსიძე
21.05.21 10:10
484
მიმდინარეობს „ვაქცინაციის ოფიცრების“ დატრენინგება და შემდეგ კვირაში ახალგაზრდებს ვიხილავთ ფართოდ გაშლილს, საქართველოს მასშტაბით, - ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 6 მაისს გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ამ საკითხზე ჯერ კიდევ 27 აპრილს ისაუბრა, ხოლო მოგვიანებით პარლამენტში, დეპუტატების წინაშეც  თქვა, რომ ოფიცრები შესაბამისი ტექნიკით იქნებიან აღჭურვილი და ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

ზუსტად 17 დღის შემდეგ არც ერთი „ვაქცინაციის ოფიცერი“ არც ერთ რეგიონში არ გამოჩენილა და მოქალაქეებს რეგისტრაცია კვლავ უჭირთ. პრობლემას იმის შესახებ, რომ რეგიონებში მოქალაქეების ინფორმირებაც ნაკლებია და რეგისტრაციაზე წვდომაც, ჯანდაცვის მინისტრიც აღიარებს. „რეგიონებში პრობლემა ნამდვილად არის. ჩვენ აქტიურად გვყავს პროცესში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები და ვთვლით, რომ ისინი რეგიონებში მეტად აქტიურები უნდა იყვნენ; ვმუშაობთ მათთან ერთად“, - ამბობდა ტიკარაძე.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ დღეიდან კიდევ ერთი ჩინური ვაქცინით „სინოვაკით“ ასაცრელად რეგისტრაცია იწყება.

Bm.ge-მ სცადა გაერკვია, რა ხდება ამ მიმართულებით, როდის გეგმავს უწყება ოფიცრების გაგზავნას რეგიონებში და რომელ რეგიონზე რამდენი ოფიცერი იქნება გათვლილი. უწყებაში ამბობენ, რომ საკითხზე სიახლე ამ ეტაპზე არაფერია და ოფიცრების გააქტიურება, სავარაუდოდ, მოგვიანებით მოხდება, როცა ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ აცრილია 101 415 მოქალაქე, სამი ვაქცინით „სინოფარმი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. მოქალაქეების ნაწილმა აცრა უკვე ვაქცინის ორი დოზით გაიკეთა.