მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ მდგომარეობაში ინვესტორებს მაქსიმალურად ნაკლები ბარიერები უნდა ჰქონდეთ - გაჩეჩილაძე

62567899e631f
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.22 11:14
844
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება და ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობა. ამის შესახებ არჩილ გაჩეჩილაძემ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ცენტრის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე - „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“ - ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუსეთ-უკრაინის ომი, გარდა იმისა, რომ უმძიმესი ტრაგედიაა, მას  საქართველოს ეკონომიკასა და მთლიანად რეგიონზე საკმაოდ მძიმე ტალღოვანი ეფექტი აქვს. ეს გავლენა უარყოფითი იქნება და შემაცირებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა შეიძლება ისეთი მძიმე არ იყოს, როგორც აქამდე იყო საუბარი. საერთაშორისო სააგენტოებმა ზრდის ტენდენცია ნულამდე შეამცირეს, ხოლო შემდეგ 3-4%-მდე გაზარდეს.

მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტორების წახალისება, ვინაიდან უცხოური ინვესტიციები ისედაც შემცირებულ დონეზე იყო და დღეს, ფაქტობრივად, სრულად დაპაუზებულია. შესაბამისად, ინვესტორების მოფრთხილება, განსაკუთრებით ადგილობრივების, ამ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

მაქსიმალურად ნაკლები ბარიერები უნდა ჰქონდეთ ინვესტორებს. მისასალმებელია მთავრობის მიერ გამოცხადებული ჰიდროპროექტების ხელშეწყობა, ვინაიდან გამოჩნდა, რომ ეს ქვეყანას სჭირდება. სხვა სექტორშიც არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი ინვესტიციების და აქ ბარიერების შემცირება მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, თუმცა კითხვაზე - კონკრეტულად რომელ ბარიერებს გულისხმობდა, პასუხისგან თავი შეიკავა.  

რაც შეეხება იმას, როგორ აფასებს "საქართველოს ბანკი" ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბევრ რამეს რუსეთ-უკრანის ომის განვითარება განაპირობებს.

„ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება ომი; დღევანდელი ჩვენი პროგნოზი 3-4%-ის ფარგლებშია, თუმცა ახლახანს სხვა ტიპის პროგნოზები გაჟღერდა, რომელიც შეიძლება 5%-მდეც იყოს. ჩვენი მოლოდინი 3-დან 4%-მდეა“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.