მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ პროექტში ბანკების როლი მნიშვნელოვანია“ – „ანაგის“ გენდირექტორი „განვადებით მშენებლობაზე“

62ee88a69d99b
თამთა ჯიჯავაძე
06.08.22 19:27
889
"სახელმწიფოს მხრიდან ამხელა კაპიტალური ხარჯებს განხორციელება ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდ ეფექტს მოიტანს. ამაზე არავინ დავობს", - ასე აფასებს სამშენებლო კომპანია „ანაგის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გოგოლიშვილი „საქმიან დილაში“ პროექტს "განვადებით მშენებლობა".

მისი თქმით, ბიზნესისთვის ეს პროექტი საინტერესოა, თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ბიზნესმა წინასწარ უნდა იცოდეს.

„ალბათ ბიზნესს წინასწარ უნდა გვესმოდეს, თუ როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საბანკო ინსტიტუტების როლი ამ პროექტში, ვინაიდან პროექტები საკმაოდ მასშტაბურია და მათი უშუალო ჩართულების გარეშე მათი განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, საბანკო ინსტიტუტებს კარგად ესმოდეთ რა ტიპის პროექტია და სახელმწიფოს მხრიდან რა ტიპის გარანტიებია. ეს, სავარაუდოდ, მათ მისცეს საშუალებას, რომ უფრო მარტივად და დროულად მიიღონ გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, რაც ასევე მნიშვნელოვანია, განსაზღვრონ პროექტის სწორი ფასი, ანუ სწორი საპროცენტო განაკვეთი.

მოგეხსენებათ სახელმწიფო შესყიდვები ძირითადად ლარში ხორციელდება, ლარში საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია და ვფიქრობთ, თუ ეს საკითხი მკაფიოდ არ ჩამოყალიბდა ან არ დარეგულირდა, შესაძლოა, საბანკო განაკვეთის წილი არსებითი გახდეს... დაბრკოლებით შეიძლება არა, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პროექტის განხორციელებაზე და გადაწყვეტილებებს გაართულებს... ეს გრძელვადიანი პროექტებია - 3-4 წლიან დაფინანსებაზეა საუბარი და ამ რესურსის არსებითი ნაწილის დაფინანსება საბანკო ინსტიტუტების მხრიდან თუ განხორციელდა, სავარაუდოდ, ეს ღირებულებაზე მოახდენს გარკვეულ გავლენას. თუმცა, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოსა და საბანკო ინსტიტუტებს შორის საერთო ენა გამოინახება, რათა უფრო გამარტივდეს ასეთ ტიპის პროექტების დაფინანსება და ღირებულების ნაწილშიც გაირკვეს წესი და სქემა“, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ “განვადებით მშენებლობა” 28 ივლისს დაიწყო, როდესაც ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბოლნისის რაიონის სოფლების წყალმომარაგებისთვის ₾36.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. 29 ივლისს კი მთავრობამ ამ პროგრამის ფარგლებში რიგით მეორე - 35.7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის წყალმომარაგების ახალ სისტემას გაიყვანს.

სატენდერო პირობების მიხედვით, მთავარი სხვაობაა გადახდის სისტემა, რომლითაც პროექტის დაფინანსება მოხდება. თუკი აქამდე სამშენებლო კონტრაქტებში გავრცელებული პრაქტიკა იყო ბიუჯეტის მიერ შესყიდვის პირველივე წელსვე მსხვილი ავანსის ჩარიცხვა, განვადებით მშენებლობის შემთხვევაში, პროექტი ავანსის გარეშე დაიწყება.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერის პრეტედეტებმა უნდა წარადგინონ ქართული ან უცხოური ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო ხაზი, რომლის ღირებულებაც პროექტის ჯამური საფასურის არანაკლებ 10%-ია. სწორედ მოზიდული სესხით ან საკუთარი კაპიტალით უნდა დაიწყოს კომპანიამ პროექტის მშენებლობა.