მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამას რეფორმას ვერ დავარქმევდი" - ჯანდაცვის ექსპერტი ტიკარაძის მიერ დაანონსებულ რეფორმას აფასებს

5db6ca574e5d2
ლიკა გურაბანიძე
28.10.19 17:00
1795
"ჯანდაცვის მინისტრის მიზნები ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორ განახორციელებს, ეს არის საკითხი. გაკეთებული არაფერი მინახავს", - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა ვახტანგ სურგულაძემ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დღეს წარდგენილი რეფორმების კომენტირებისას განუცხადა.  

ცნობისთვის: საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება; მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლი და ფასების დარეგულირება; ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე თბილისში, ხოლო რეგიონებში კი, მათი დეფიციტი - ეს იმ პრობლემების და გამოწვევების ნაწილია, რაზეც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. 

„მოდი, განვიხილოთ თითოეული თემა, რაზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა: ტარიფების გათანაბრება - გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროში ტარიფების გათანაბრებას რას უწოდებენ; თუ ეს ტარიფები რეალურად ის საბაზრო ფასები იქნება, რაც ახლა მოქმედებს და კლინიკები ამ გათანაბრების გამო ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში არ ჩადგებიან, ეს ცუდი იდეა არ არის. შემდეგი საკითხი: რატომ ნიშნავენ ექიმები ბევრ მედიკამენტს? იმიტომ, რომ მიდის ე.წ. ქეშბექების სისტემა, რომლითაც ფარმაცევტული კომპანიები ექიმებს დამატებით ანაზღაურებას აძლევენ ან უცხოეთში კონფერენციებზე მიჰყავთ. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ექიმს კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება მედიკამენტების ფასების კონტროლს, ქვეყანაში ოლიგოპოლია არსებობს და სისტემა როგორ უნდა გაკონტროლდეს?! მედიკამენტის შემომტანებს ჭერს დაუწესებენ?! მერწმუნეთ, რომ ინდუსტრია აქედან გამოსავალს მაინც იპოვის, რადგან ფარმაცევტული კომპანიები ჩვეულებრივად კომერციული ორგანიზაციები არიან და ამოცანად მოგება აქვთ, მათ არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.

რაც შეეხება ექიმების რეგიონებში სელექტიურ კონტრაქტირებას, როგორ უნდა გავიყვანო ექიმები თბილისიდან, როდესაც თბილისის ტარიფები უფრო მაღალია. ექიმს იმისი მოტივაცია ხომ უნდა ჰქონდეს, რომ წავიდეს რეგიონში და იქ იმუშაოს", - განაცხადა სურგულაძემ.

BM.GE-ის კითხვაზე ჯანდაცვის სფეროში დღეს მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმა, რამდენადაა იმის გარანტია, რომ დარგში არსებული პრობლემები გადაიჭრას, ვატო სურგულაძე აცხადებს: 

„მე ამას რეფორმას ვერ დავარქმევდი, რადგან სისტემურ პლატფორმას ვერ ვხედავ. ასეთი გამოთქმა არსებობს, გარანტია თუ გინდათ ,უთო იყიდეთ და მას მოჰყვება სამთვიანი გარანტია. გარანტია არაფრის არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება, ჯანდაცვის რეფორმა ნაწილ-ნაწილ გაატარო, ეს ერთობლივი კომპლექსური რეფორმაა, რომელიც პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს", - აღნიშნა მინისტრმა.