23.აგვისტო .2019 22:30

ამაზონის ინფერნო - რა საფრთხეს იწვევს ხანძარი მსოფლიოსთვის

views 1528
უკან

დედამიწვის მწვანე ფილტვები იწვის. უკვე რამდენიმე კვირაა ამაზონი მასშტბურ ხანძარშია გახვეული. ყველა დროის ყველაზე კატასტროფული ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.


ხანძრის ქრონოლოგია;

▶ იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ცეცხლის 75.000 კერაა დაფიქსირებული, სტატისტიკური სამსახურის ცნობით, გასულ წელთან შედარებით ეს 84 პროცენტიანი მატებაა.

▶ 2019 წლის ივლისიდან დღემდე ტყის 2255 კვადრატული კილომეტრი გამქრალია. რაც დაახლოებით, მთელი აჭარის რეგიონის ტერიტორიის ტოლია.

▶ ბრაზილიის კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, მხოლოდ უკანასკნელ 48 საათში ცეცხლის ახალი 2500 კერა გაჩნდა.





ამაზონი კონგოს ღრმულისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წვიმის ტყეების გვერდით, პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს წარმოადგენს, ამ უნიკალური ტყის 60 პროცენტი ბრაზილიაში მდებარეობს. უზარმაზარი ტყის ტროპიკული მასივი მსოფლიო ჟანგბადის დაახლოებით ერთ მეხუთედს წარმოქმნის, წლიურად 2 მილიარდ ტონაზე მეტი CO2 სწორედ აქ იწარმოება. ამიტომ ამაზონის ჯუნგლების გადარჩენა კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დედამიწა კლიმატური ცვლილებების სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.


სწორედ ამის გამო ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო კრიზისზეც. ემანუელ მაკრონს სურს რომ "ამაზონის ჯოჯოხეთი" დიდი შვიდეულის სამიტზე ტოპ თემა იყოს. "ჩვენი სახლი იწვის", - დაპოსტა სოცქსელში საფრანგეთის ლიდერმა და ფოტო გააზიარა, რომელიც 2003 წელს გარდაცვლილი ფოტოგრაფის მიერ არის გადაღებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ამაზონის ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ბევრი ე.წ ფეიქი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება. 





ამაზონის ტყე ფლორისა და ფაუნის ერთგვარი სამოთხეა. ჯუნგლები შეუდარებელი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მსოფლიოს ცნობილი სახეობების 1/10 ამაზონის ტყეში ცხოვრობს. იგი წარმოადგენს დედამიწაზე ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას. როგორც ცნობილია, ერთ ჰექტარზე 18 000 ცხოველი და ფრინველი, ასევე მცენარეების 280 სახეობა გვხვდება. ხანძარი კი მათ გადაშენებასა და გაქრობას ხელს უწყობს, რაც ჩვენი პლანეტისთვის ამავდროულად, დიდი დანაკარგი იქნება.

 




ამაზონის ჯუნგლებში ინდიელი ტომების 90.000 წარმომადგენელი ცხოვრობს. აბორიგენები ტყის გადასარჩენად იბრძვიან. ადგილობრივები საკუთარ თავებს ამაზონის უკანასკნელ მცველებად მიიჩნევენ, გარემოზე ზრუნავენ და უფრთხილდებიან.  როგორც ინდიელი ტომების წარმომადგენლები ამტკიცებენ, ბრაზილიის ახალ პრეზიდენტს, რომელსაც მსოფლიო მედია ე.წ. ტროპიკულ ტრამპს უწოდებს, ამაზონის ტყის მასივების სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობისათვის გამოყენება სურს. ისინი ვარაუდობენ, რომ სწორედ ამიტომ, ცეცხლიც სპეციალურად, შეგნებულად არის გაჩენილი.




 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, ამაზონის ტყის უდიდესი ნაწილი მართლაც, ხანძრის პარალელურად, გაჩეხვის გამოც ნადგურდება. ამაზონის გაჩეხვის მიზანი ძირითადად ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობის წარმართვაა. ექსპერტთა შეფასებით, შედეგად ყოვედღიურად იკარგება მცენარეთა, ცხოველთა და მწერთა 137 სახეობა. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხარობს ბევრი ისეთი მცენარე, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს კურნავს. აშშ-ის ეროვნულმა კიბოს ინსტიტუტმა განსაზღვრა 3 000 სახეობის მცენარე, რომლებიც კიბოს უჯრედების განვითარების აქტიური წინაღობები არიან. მიმდინარე ხანძარი და მცენარეების განადგურება კი სამეცნიერო დაკვირვებებსა და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში მასშტაბური შეფერხება იქნება.





ამ დროისათვის კი ვითარება ამაზონის ჯუნგლებში ასეთია: ყველაზე მასშტაბური ცეცხლი მატო გროსოს შტატშია. ამაზონის უნიკალური მასივების დიდი ნაწილი სწორედ აქ ნადგურდება. იმის გამო, რომ ტყეში მიუვალი გზებია, მეხანძრეებს გადაადგილება და კერების ლოკალიზება უფრო ურთულდებათ. ბრაზილიის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამაზონი ევროპის კონტინენტზე დიდია და ხანძრის ჩაქრობისთვის ბრაზილიას საკმარისი რესურსები არ გააჩნია. ხანძარი პერუსა და ბოლივიის ამაზონშიც გავრცელდა. ახალი კერების გაჩენას ხელს ცხელი და ნოტიო ტემპერატურაც უწყობს.