მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამბასადორი ჯგუფი“ 2023 წლამდე კახეთში 3 პროექტს განახორციელებს

60dad1c7e6299
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.21 09:40
3375
პანდემიის მიუხედავად სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მოქმედი კომპანია „ამბასადორი ჯგუფი“ 2023 წლამდე რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, რომლის მიხედვით სასტუმრო ინფრასტრუქტურის გაფართოების გარდა, კომპანია ფინანსური რესურსების მობილიზებას სოფლის მეურნეობაში მეღვინეობის მიმართულებით არსებული პროექტების გასაძლიერებლად და სრულიად ახალ, საგანმანათლებლო პროექტში გეგმავს.

კომპანიაში სასტუმროს, ღვინის წარმოებისა და საგანმანათლებლო ცენტრის პროექტების ზუსტ საინვესტიციო ღირებულების დასახელებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ „ამბასადორის“ მოცემული საინვესტიციო პროექტები ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულებისაა. კომპანიაში განმარტავენ, რომ კრიზისულ პერიოდს არ უშინდებიან და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებას კიდევ უფრო აფართოებენ.



„ამბასადორი კაჭრეთი ქართველი მომხმარებლის ერთ-ერთი ფავორიტი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც ქალაქიდან სულ რაღაც 1 საათის გზაზე მდებარეობს. გაფართოების შემდეგ ამბასადორი კაჭრეთი კიდევ უფრო მეტი ქართველი და უცხოელი დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

ამბასადორი კაჭრეთის ახალი კორპუსი 40 000 მ2 ფართობზე განლაგებულ, 9 სართულზე გადანაწილებულ თანამედროვე დიზაინის 200 ნომერს გააერთიანებს. სასტუმროს ახალ კორპუსში დამატებით 4 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება, ასევე - რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, სავარჯიშო დარბაზი, შენობის ბოლო სართულზე დაპროექტებული ღია საცურაო აუზი ულამაზესი ხედებით და სპა, რომლის ანალოგიც ამ კუთხეში არ არსებობს. კომპლექსის ახალი კორპუსის გახსნა 2 წელიწადში, 2023 წელს იგეგმება“, - განმარტავს „ამბასადორი ჯგუფის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ნადიბაიძემ.

კითხვებზე, როდის და საიდან გაჩნდა ღვინის წარმოების გაძლიერების იდეა, კომპანიაში პასუხობენ, რომ მათთან ღვინო მრავალი წელია იწარმოება. ახლა კი სრულიად სხვა მასშტაბის წარმოების დაწყება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ღვინო როგორც ტრადიციული, ისე ახლებური ტექნოლოგიებითა და მიდგომებით დამზადდება.

„ღვინის ქარხანა გურჯაანის რაიონის, სოფელ კაჭრეთში, კაჭრეთის ამბასადორის კომპლექსთან ახლოს მდებარეობს. ძირითადად საფერავისა და რქაწითელის ღვინის ჩამოსხმას დავიწყებთ, ხოლო მომავალში მომხმარებელს ღვინის უფრო ფართო ასორტიმენტს შევთავაზებთ. ამბასადორის ღვინოები როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრებისთვისაა განკუთვნილი. ამ მხრივ ისიც მნიშვნელოვანია, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე. გვინდა ჩვენი ღვინო რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაიყიდოს“, - აღნიშნა ნინო ნადიბაიძემ და დასძინა, რომ ქარხანა მუდმივად ათეულობით ადამიანს დაასაქმებს. ამასთან კომპანია კახელ გლეხებთან თანამშრომლობას და მათგან ყურძნის შეძენასაც გეგმავს, რათა ამით ადგილობრივ მოსახლეობასაც დაეხმაროს.



რაც შეეხება, კომპანიისთვის სრულიად ახალ სფეროში შესვლის იდეას, საგანმანათლებლო ცენტრის პროექტს ჯგუფი სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ბაზაზე განახორციელებს, თავად ცენტრი კი 6000 მ2-ზე იქნება განთავსებული.

„ამბასადორი განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მუდმივად აფართოებს ოპერირების საზღვრებს როგორც ტერიტორიულად, ისე სფეროების მიხედვით.

ამბასადორი კაჭრეთის კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული სპორტული მოედნები და აღჭურვილობა საშუალებას იძლევა იქ ჩასულმა სტუმრებმა ესა თუ ის სპორტული აქტივობა პროფესიონალურ დონეზე შეისწავლონ. ბანაკი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს. ის მოსწავლეებს 2022 წლის ზაფხულში მიიღებს.



სრულებით ახლებური საგანმანათლებლო პროექტი ეკოლოგიურად სუფთა ადგილას შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამის სინთეზით ყოველწლიურად ასობით ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს უმასპინძლებს. ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ითვალისწინებს პროფესიონალების მიერ შედგენილ სხვადასხვა სპორტულ ვარჯიშს (ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, ცურვა და ა.შ.), ჯანსაღ კვებას და შემეცნებით აქტივობებს. ბანაკი მოსწავლეებს 2022 წლის ზაფხულში მიიღებს. სწავლება აღნიშნულ ცენტრში ორ ენაზე იწარმოებს - ქართულად და ინგლისურად, პედაგოგებიც შესაბამისად იქნებიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები. სწავლება აღნიშნულ ცენტრში ორ ენაზე ქართულად და ინგლისურად იწარმოებს, პედაგოგებიც როგორც ქართველები, ისე უცხოელები იქნებიან“, - უთხრა BM.GE-ის „ამბასადორი ჯგუფის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა.