01.დეკემბერი .2022 13:26

ამბიციური ეკონომიკური პროექტები უნდა დავიწყოთ, წინ დიდი შრომა გველის - EU-ს ელჩი

ამბიციური ეკონომიკური პროექტები უნდა დავიწყოთ, წინ დიდი შრომა გველის - EU-ს ელჩი
views 593
უკან

შუა დერეფანი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ხედვას, რომლითაც გვსურს, რომ აზიიდან ევროპასა და ევროკავშირში, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს გავლით, ტვირთების ბრუნვა იყოს შესაძლებელი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, შუა დერეფანი სარგებლიანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

"ახლა კი, იმისთვის, რომ ის შესრულდეს, ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელება უნდა დავიწყოთ, საუბარია მილსადენებზე, გზებზე და ტერმინალებზე. წინ დიდი შრომა გველის. ორიოდ კვირის წინ, საქართველოს ევროკომისარი ვარჰეი ესტუმრა, რომელმაც ეს საკითხები საქართველოს მთავრობასთან განიხილა. ჩვენ, ევროკავშირი, სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირები, რეალობად, რაც შეიძლება მალე იქცეს", - დასძინა ევროპელმა დიპლომატმა. 

ელჩი შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენციას ესწრება, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

"მონაწილეობას ვიღებ შავი ზღვის პლატფორმაში. ეს არასამთავრობო ინიციატივაა, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და კომპანიების მეტად დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის აუზში კავშირების გაღრმავების მიმართულებით. შავი ზღვა უნდა იყოს არა გამყოფი ზოლი, არამედ დამაკავშირებელი ელემენტი საქართველოსა და რეგიონს შორის. აქტიურად ვმუშაობთ ე. წ. “ფლაგმანი პროექტების მიმართულებით”. ერთ-ერთი მათგანი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელია, რომელმაც რეგიონი ევროკავშირს უნდა დააკავშიროს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ციფრული კაბელი და საზღვაო გადაზიდვები. წინ დიდი საქმეა, მაგრამ მთავარია, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოსაა ევროკავშირთან - შავმა ზღვამ და კავშირგაბმულობამ ერთმანეთს მეტად უნდა დაგვაკავშიროს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, გასულ თვეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაიჭიმება ელექტროკაბელი, რომლის შედეგადაც საქართველო ერთიან ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს დაუკავშირდება. ევროკომისარმა განაცხადა, რომ ელექტროკაბელთან ერთად, შავი ზღვის ფსკერზე ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც აშენდება. შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროკაბელის ეკონომიკურ-ტექნიკურ დასაბუთების კვლევას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, პროექტის განმახორციელებელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა. ამ დროისთვის უცნობია რა შეიძლება დაჯდეს ამ ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე უცნობია რა მოცულობის ვალის აღებით დააფინანსებს სახელმწიფო ამ პროექტს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა