06.ივლისი .2021 22:14

ამბიციური გეგმაა, თუმცა დრო გვანახებს - გიორგი კაჭარავა მთავრობის 10-წლიან ეკონომიკურ გეგმაზე

ამბიციური გეგმაა, თუმცა დრო გვანახებს - გიორგი კაჭარავა მთავრობის 10-წლიან ეკონომიკურ გეგმაზე
views 502
უკან

საქართველოს მთავრობამ დღეს 10-წლიანი განვითარების ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც პრეზენტაციის შემდეგ "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ განაცხადა, გეგმა ამბიციურია, თუმცა დრო გვანახებს, რამდენად შესრულება ამ გეგმის ძირითადი ნაწილი მაინც.

კაჭარავამ განსაკუთრებით დადებითი კუთხით გამოყო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გაფართოების ნაწილი. რაც შეეხება გამოწვევას, რომელზეც გეგმაში ყველაზე ნაკლებად იყო საუბარი, კაჭარავა სახელმწიფო საწარმოებს ასახელებს.

„რაც შეეხება აქცენტს სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის, რადგან სახელმწიფო საწარმოების ვალი მინიმუმ 650 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და მათი ვალდებულებები დამატებით არის ერთი იმდენი. ეს დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. ზოგადად ითქვა, რომ თითოეული მიმართულება მოგვიანებით ჩაიშლება. ვფიქრობ, ამ მიმართულებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და მხოლოდ კოსმეტიკური რეფორმა არ უნდა ჩატარდეს. შეკითხვებია როგორც დასაქმების, ისე მომგებიანობის კუთხით ამ საწარმოებში“, - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

კითხვაზე, რამდენად პრობლემურია ის, რომ მთავრობა კვლავ სუბსიდირების გზით გეგმავს წასვლას, როგორც იპოთეკური სესხების, ისე სხვადასხვა პროგრამების კუთხით, კაჭარავა პასუხობს, რომ არსებულ კრიზისულ პერიოდში, შესაძლოა, ეს ცუდი გამოსავალი არ იყოს, მაგრამ ალბათ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო.

„ხშირად ისმის კითხვები, ესა თუ ის კომპანია რატომ არის ჩართული სუბსიდირების პროექტში და სხვა არა. ზოგადად, ცუდი არ არის და ამ მიმართულებას მივესალმებით, რადგან ბიზნესების შენარჩუნების კუთხით შეიძლება კარდინალური იყოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კაჭარავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა