მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამელი“: პანდემიამ ჩვენზე პოზიტიურად იმოქმედა

5efc4c94bb80d
ვიქტორია მღებრიშვილი
01.07.20 23:35
1031
ყვავილების მაღაზია „ამელის“ თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელის თქმით, კარანტინის დროს შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, პანდემიამ მათ ბიზნესზე პოზიტიურად იმოქმედა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ნუკა ჩოხელი განმარტავს, კარანტინის პერიოდში გარკვეული დროის განმავლობაში მაღაზია სრულად გაჩერებული იყო, თუმცა ონლაინ მიმართულებით მუშაობის განახლების შემდეგ მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ, უმოქმედობის პერიოდში სირთულეებიდან გამომდინარე მიღებული ზარალი გადაფარა.

„მას შემდეგ, რაც განვაახლეთ ონლაინ მიწოდების სერვისი, გაიზარდა შეკვეთები და შესაბამისად ბრუნვაც, იქიდან გამომდინარე რომ ყველა მოლი, სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო და მომხმარებლების თუნდაც დაბადების დღეებზე დისტანციურად ყურადღების გამოსახატად, საჩუქრად ყვავილების გაგზავნას ირჩევდნენ.

ჩვენ 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და იმის გარდა რომ „ამელის“ ყვავილების ყიდვა „ვოლტზეც“ არის შესაძლებელი, ჩვენი მიტანის სერვისიც გვაქვს. შესაბამისად ძალიან მარტივად ვახდენთ ყვავილის მიწოდებას. კარანტინის დროს მომხმარებელთა უმრავლესობა უბრალოდ სახლში დარჩენილ მეგობარს ამხნევებდა ყვავილებით და მიზეზის გარეშეც ჩუქნიდა ყვავილებს, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ მაშინ, როდესაც სრულ გაჩერებას და ვარდნას ველოდით, შეკვეთებმა წინა წლის მაისის მაჩვენებლებსაც მნიშვნელოვნად - 30%-ით გადააჭარბა”, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ნუკა ჩოხელის თქმით, მათთვის რთული პერიოდი იყო ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პირველი პერიოდი და კომპანიის დამფუძნებლებს მოქმედების გეგმის რამდენიმე სცენარი ჰქონდათ მომზადებული.

„შეიძლება ითქვას რომ თავიდან ჩვენ მივიღეთ გარკვეული დანაკარგები, რომელიც რისკის გაუთვლელობამ გამოიწვია - ბოლომდე არ გვეგონა რომ მაღაზიის დაკეტვა მოგვიწევდა და ჰოლანდიიდან ყვავილს ძველებურად ვიწერდით. ზოგადად 3 მარტიდან, როდესაც ყვავილების ბიზნესში ბრუნვა გაზრდილია, მთელი წლის ფინანსური რეზერვის შევსება ხდება ხოლმე. წელს ასე არ ყოფილა, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში ხდებოდა. მომხმარებლები თავს იკავებდნენ მაღაზიაში მოსვლისგან. იმდენად სწრაფად იცვლებოდა ვითარება, რომ ჩვენ ახალმიღებული ჰოლანდიური ყვავილების მაღაზიაში ჩაკეტვა გვიწევდა. თუმცა უკვე შემდგომში გაყიდვების კარგმა მაჩვენებელმა ზარალის საშუალება არ მოგვცა და არ მოგვცა იმის საშუალება რომ ეს გართულებები კომპანიასა და თანამშრომლებზე ასახულიყო“, - ამბობს ნუკა ჩოხელი.

„ამელის“ დამფუძნებლის თქმით, პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადგილობრივ ფერმერ მეყვავილეებზე ყურდღება ყვავილების ბიზნესის წარმოებისას ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ჰოლანდიურ ყვავილებზე, ასევე ორიენტირებული ვართ ადგილობრივ ფერმერებზე. ამ პერიოდმა დაგვანახა რომ კიდევ უფრო მეტ აქცენტს მომავალშიც ადგილობრივ მეყვავილე - ფერმებთან თანამშრომლობაზე გავაკეთებთ.

გამოცდილება საკმაოდ დიდი გვაქვს და მივყვებით იმ რეჟიმს, რაც გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი სცენარისთვის ვიყავით მზად და ძალიან ბევრი გეგმა გვქონდა რა შეიძლება მომხდარიყო, ამ ყველაფრის ფონზე შექმნილ მდგომარეობას პოზიტიურად ვაფასებთ.

ჩვენი გეგმები პანდემიის შემდეგ ბოლომდე უკავშირდება დიჯითალ სფეროს განვითარებას ამ ბიზნესში. იმასაც გეტყვით რომ თბილისში განვითარების გეგმების ფარგლებში ახალი სერვისების დამატებას ვგეგმავთ, თუმცა ამაზე მოგვიანებით“, - უთხრა BM.GE-ს ყვავილების მაღაზია „ამელის“ თანადამფუძნებელმა.