მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკამ WTO-ს ხელმძღვანელად პირველი აფრიკელი ქალის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა

5f9a6f532494f
ნათია თაქთაქიშვილი
29.10.20 11:52
1239
აშშ-მ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ხელმძღვანელად პირველი აფრიკელი ქალის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრის ნგოზი ოკონჯო-ივეალაას კანდიდატურის გამარჯვება ეჭვქვეშ დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ს სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მეორე კანდიდატმა, სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრმა იო მიუნ-ჰიმ უხელმძღვანელოს.

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ისეთმა პირმა უნდა უხელმძღვანელოს, ვისაც ვაჭრობის დარგში შესაბამისი გამოცდილება აქვს.

გამოცემა წერს, რომ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით მსჯელობა 9 ნოემბერს გაიმართება.

BBC-ის მიხედვით, 8 კანდიდატიდან ბოლო ეტაპი ორმა პირმა გადალახა და ორივე ქალბატონია. ფინალში მყოფ ორივე კანდიდატს, როგორც პოლიტიკაში ყოფნის, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაც აქვთ. ორივეს განათლება აშშ-ში აქვთ მიღებული.

ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გარკვეული დროით საგარეო მინისტრის პოზიციასაც იკავებდა, ასევე მას ეკავა წამყვანი პოზიციები ეკონომისტის რანგში მსოფლიო ბანკში. ამჟამად ოკონჯო-ივეალა ვაქცინების საერთაშორისო ალიანსის Gavi-ის საბჭოს თავმჯდომარეა.

რაც შეეხებმა მეორე კანდიდატ იო მიუნ-ჰის, ის ვაჭრობის დარგის სპეციალისტია და „დეტალურად ერკვევა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში“.

ორივე კანდიდატს აქვს უნარი წარმატებით აწარმოოოს მხარეებს შორის შეთანხმებები, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.