11.ივნისი .2020 01:16

ამერიკელი კონგრესმენები: ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოში დესტაბილიზაციას ცდილობს

views 4171
უკან

ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოში დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც დასათაურებულია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

დოკუმენტში საუბარია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გახანგრძლივდეს დეზინფორმაციის კამპანიების გამო. ამასთან კონკრესმენები წერენ, რომ ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე; და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

„უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებიან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მარიონეტული და დაქირავებული არმიების დახმარებით“, - წერია დოკუმენტში.

კონგრესმენები ასევე საუბრობენ საქართველო-აშშ-ის კავშირებზე.

“საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა, თუმცა სენატმა ჯერ არა, ითვალისწინებს იმას თუ როგორ შეიძლება აშშ-მა იმუშაოს საქართველოსთან ერთად რუსეთის დეზინფორმაციებთან ბრძოლაში და საქართველოს უსაფრთხოების საჭიროებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – წერია დოკუმენტში.

ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს.