23.ივნისი .2020 13:15

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები სამუშაო ვიზების გაცემის შეჩერების გამო ტრამპს აკრიტიკებენ

views 227
უკან

წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის Amazon-ის, Uber-ის, Alphabet-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები საიმიგრაციო სამუშაო ვიზების გაცემის შეჩერების გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ.

კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ "ეს არის წარმოუდგენლად ცუდი პოლიტიკა“, რაც ამერიკის ეკონომიკური აღდგენის პროცესებს და მის კონკურენტუნარიანობას ხელს შეუშლის.

შეგახსენებთ, ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ცალკეული სახის ვიზების გაცემა, რომელიც უცხოელებს აშშ-ში ჩასვლის და მუშაობის უფლებას აძლევს, შეაჩერა. როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტეს, გადაწყვეტილება, რომელიც H-1B, H-2B, H-4, J-1, და L-1 ვიზებს ეხება, აუცილებელი იყო ამერიკელი დასაქმებულების დასაცავად იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ უმუშევრობის დონე რეკორდულ ნიშნულამდე მიიყვანა.

ტექნოლოგიური კომპანიები ძირითადად დაინტერესებული არიან H1-B ვიზების დაშვებით, რათა მაღალკვალიფიციური ინჟინრები და სხვა თანამშრომლები მოიზიდონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მხოლოდ გასულ წელს, Google-მა და Amazon-მა ერთად H1-B ვიზით 9 000 ადამიანი მიიღეს. მთლიანად აშშ-ის მასშტაბით კი, ამ ვიზით წელიწადში 85 000 მაღალკვალიფიციური ადამიანი ჩადის სამუშაოდ.

"იმიგრაციას უდიდესი წვლილი აქვს ამერიკის ეკონომიკურ წარმატებაში, რაც ქვეყანას ტექნოლოგიებში გლობალურ ლიდერად აქცევს“, – აღნიშნა Alphabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სანდარ პიჩაიმ.

“ეს განცხადება ძირს უთხრის ამერიკის უდიდეს ეკონომიკურ აქტივს: მრავალფეროვნებას. ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის აქ რომ შემოუერთდეს ჩვენს სამუშაო ძალას, ისინი იხდიან გადასახადებს და დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს კონკურენტუნარიანობაში“, – განაცხადა Twitter-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯესიკა ჰერერა-ფლანიგანმა.

Box-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აარონ ლევიმ კი აღნიშნა, რომ ტრამპის ბრძანება ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება აშშ-ის გარეთ და ეს ამერიკას კონკურენტუნარიანობას ხელს შეუშლის.
"მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისთვის ქვეყანაში შემოსვლის და ამერიკის ეკონომიკურ აღდგენაში წვლილის შეტანის პრევენცია ქვეყნის გლობალურ კონკურენტუნარიანობას რისკის წინაშე აყენებს. მაღალკვალიფიციური ადამიანების სავიზო პროგრამის ფასი ნათელია“, – განაცხადა Amazon-ის პრესსპიკერმა.

"პრეზიდენტი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება იყენებს პანდემიას როგორც იმიგრაციის შეზღუდვის გამართლებას. სინამდვილეში, მაღალკვალიფიციური მუშახელის ამერიკაში არ შემოშვება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას კიდე უფრო გაართულებს“, – ამის შესახებ კი, Facebook-ის პრესსპიკერმა NBC-ის განუცხადა.

ტრამპის გადაწყვეტილება 24 ივნისიდან შედის ძალაში, რომელიც წლის ბოლომდე იმოქმედებს. ეს გადაწყვეტილება არ ეხება იმ უცხოელ დასაქმებულებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში, ან იმ უცხოელებს, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული ვიზა, თუმცა, ჯერ არ ჩასულან აშშ-ში.

თავად ტრამპის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ამერიკელი მოქალაქეებისთვის 525 000 სამუშაო ადგილს დაზოგავს.
წყარო: forbes.ge