მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის შენელების საპასუხოდ, ჩინეთი მონეტარულ პოლიტიკას ამსუბუქებს

62fa35747327f
გიორგი თოლორდავა
15.08.22 16:05
1308
გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების, კოვიდპანდემიისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ფონზე, ჩინეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს.

სახალხო ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, საშუალოვადიანი სასესხო განაკვეთი 10 საბაზო პუნქტით, 2.75%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც მიმდინარე წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აგრეთვე, 10 საბაზო პუნქტით შემცირდა მოკლევადიანი განაკვეთიც და მისმა მაჩვენებელმა 2.0 პროცენტი შეადგინა.

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიზანი ეკონომიკური აქტივობის წახალისებაა, ვინაიდან, დაბალი განაკვეთის პირობებში მომხმარებელს მეტის ხარჯვის სურვილი უჩნდება; მეწარმეები და ბიზნესები უფრო მარტივად ახერხებენ კაპიტალის მოზიდვას და გაფართოებას; ინვესტორები კი შედარებით სარისკო პროექტებსა და სტარტაპებში თანხის დაბანდებისგანაც ნაკლებად იკავებენ თავს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინოვაციასა და ტექნოლოგიურ პროგრესს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს ჩინეთის საცალო ვაჭრობის სექტორი მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროგნოზირებულ 5.0%-იან მაჩვენებელს.

იმედგამაცრუებელი შედეგებია ინდუსტრიულ წარმოებასთან მიმართებითაც - აღნიშნულ სექტორში ზრდის მაჩვენებელმა 3.8% შეადგინა, რაც აგრეთვე პროგნოზირებულზე უარესი შედეგია.

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებით და ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ გატარებული „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკითაა განპირობებული, რომლის ფარგლებში ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებსა და ეკონომიკურ ცენტრებში არაერთი მკაცრი რეგულაცია და ლოკდაუნი დაწესდა.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ჩინეთის მთავრობა მშპ-ის ზრდის დასახულ 5.5%-იან მიზანს ვერ მიაღწევს.