19.მარტი .2020 14:24

ამირან გამყრელიძე - "ჩვენი ექიმები პრეპარატ „რემდოსივირს“ გამოიყენებენ"

views 975
უკან

ჩვენი ექიმები პრეპარატ „რემდოსივირს“ გამოიყენებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უკვე მიმართა მის დამამზადებელ კომპანია „გილიადს“, რომ ქვეყანას მედიკამენტის გარკვეული რაოდენობა გადმოეცეს.

„ეს პრეპარატი 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატია, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი“. ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობასთან დაკავშირებით. პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იყოს გამოყოფილი. დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში პრეპარატი "რემდოსივირი" გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები მას გამოიყენებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, „რემდოსივირის“ გარდა, მიმდინარეობდა მრავალი ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, მათ შორის შიდსის საწაინააღმდეგო პრეპარატების, „ხლოროხინის“, „ინტერფერონის“, „რიბავირინის“ და ა.შ., რომელსაც ექიმები იყენებენ დღეს.