მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: დღეს ჩვენ ომში ვართ... პანდემია ომზე ნაკლები არაა

5f96851342c7b
ვიქტორია მღებრიშვილი
26.10.20 12:21
982

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საზოგადოება პანდემიასთან ომშია ჩაბმული, რის გამოც სრულიად სამედიცინო ძალების მობილიზება აუცილებელია.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ. კერძოდ, უფროსკურსელები ერთკვირიან ტრეინინგებს გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან. 

„საკოორდინაციო სხდომებზე იყო რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოხდეს სამედიცინო ქსელის მობილიზება, აქ შედიან ჩემი კოლეგები, ვინც დღეს დასაქმებულები არ არიან და, ასევე, მაღალი კურსის სტუდენტები - მე-5, მე-6 კურსზეა საუბარი და რეზიდენტები ანუ ლაპარაკია ელემენტარული სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებზე.

დღეს ჩვენ ომში ვართ, ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი - მეოთხე კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში, როცა მათ ძირითადი სასწავლო მასალა უკვე გავლილი ჰქონდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როცა საჭიროა, სამედიცინო პერსონალის და მათ შორის სტუდენტების სრული მობილიზება უნდა მოხდეს...

როცა მე-5 კურსზე ვიყავი, მთელ რიგ სამედიცინო ჩარევებს ვაკეთებდი... მით უმეტეს ქოლ-ცენტრის მართვა, ადამიანების დარიგება და მართვა მათ თავისუფლად შეუძლიათ, ამიტომ ახლა სტუდენტების გადამზადების მოკლე სწრაფი კურიკულუმია შედგენილი - რა უნდა იცოდნენ კოვიდზე და დარწმუნებული ვარ, ისინი ექიმების ასისტენტებად ათავისუფლად იმუშავებენ, მით უფრო მაშინ, როდესაც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ეპიდმდგომარეობის გაუარესებამდე მედპერსონალის (და არა ექიმების) დაინფიცირების მაჩვენებელი 13% იყო, ხოლო დღეს ეს მაჩვენებელი ინფიცირების საერთო რაოდენობის სწრაფი მატების გამო დაწეულია 5%-6%-მდე და რამდენიმე ასეულ მედიკოსს მოიცავს.