22.ივლისი .2020 14:00

ამირან გამყრელიძე გარდაბნის მოსახლეობას ფართომასშტაბიან ტესტირებაზე დაყოლას სთხოვს

views 525
უკან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი შესაძლოა ჩაიკეტოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარების საშუალება არ იქნა, ერთადერთი გამოსავალი დასახლებების იზოლირება ანუ ჩაკეტვაა.

„თუ სოფლის მოსახლეობის მხრიდან დამყოლობა არ იქნა და ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალება არ მოგვეცა, ერთადერთი ნაბიჯი სამივე სოფლის ჩაკეტვაა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას", -
აღნიშნა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ტესტირებებზე უარი არ თქვან.

„არ გამოვრიცხავ ამ რადიკალური ღონისძიების გატარებას, თუ დამყოლობა არ იქნება სოფლის მოსახლეობის მხრიდან… მანამდე კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა. მათ ქართული კარგად იციან და მადლობა ამისთვის; გთხოვთ, რომ დაგვყვეთ და მოგვცეთ საშუალება, რომ გაჩიანის სოფლის სამივე დასახლება გამოვიკვლიოთ, რათა ადრეულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები. მოვახდინოთ მათ კონტაქტების კარანტინში იზოლირება და არსებული ინფიცირებულების მკურნალობა. ამით ადრეულ ეტაპზე ჩავაქრობთ ცხელ წერტილს“, - აღნიშნა მან.