მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: გუშინ ჩემზე კარგად "გაისეირნეს"... დაგვანებეთ ექიმებს თავი

5fa91bb26c6ea
ინგა მურუსიძე
09.11.20 14:44
1995
"ასეთი დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას და თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა შორის უპირველესია, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღლა დგას ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება.

„ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. ვერავინ აუკრძალავს ვინმეს გამოხატოს თავისი მოსაზრება, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ამასთან ერთად, დაცული უნდა იყოს ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობთ, რადგან ვცხოვრობთ პანდემიის პერიოდში. ასეთი დიდი თავშეყრები და რაც მთავარია, შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყოს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში. ამას დავინახავთ 5-7 დღის და 1 კვირის შემდეგ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება კითხვას - რამდენად მიზანშეწონილი იყო საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება, როგორიც არის წყლის ჭავლი და ა.შ., NCDC-ის ხელმძღვანელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ჩვენ, ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები. ეს გუშინაც მკითხეს და საღამოს ჩემზე "გაისეირნეს" კარგად. ჩვენ, ექიმები ჩართული ვართ ყველაზე უფრო წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. დავანებოთ თავი ექიმებს, ნუ ვრთავთ პოლიტიკაში. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე. ნუ გვისვამთ კითხვებს პოლიტიკური პასაჟებით. შეკრებები პანდემიაზე ცუდად მოქმედებს.

პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ დღეს ამას ვერავინ შეაჩერებს, ახალი პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვანებეთ ექიმებს თავი, გვაკეთებინეთ ჩვენი საქმე. სულ ცდილობენ, როგორმე პოლიტიკურ პროცესში ჩამრიონ. არ ვარ მე პოლიტიკურ პროცესებში... გუშინ არ გავეცი პასუხი ამ კითხვას და მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთეს. „ვიღაცისგან წიხლი არ არის საწყენიო“ - ასე შევუთვლი ნიკა გვარამიას დღეს, რაც გუშინ იკადრა. შემიძლია კითხვებს ვუპასუხო, მაგრამ დღეს ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური პიროვნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის ჯანმთრთელობას და რესპირაციულ ვირუსებს ხელს უწყობს სიცივეც, თოვლიც, წყალიც და დიდი შეკრებებიც.