01.მარტი .2020 14:15

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

views 989
უკან

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ განცხადება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

"ეს სამი პაციენტი მკურნალობას გადის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, დღეს კიდევ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალურიინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელზეც პასუხი იქნება დღის განმავლობაში,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პირველი მარტის მდგომარეობით, ვირუსით ინფიცირების 87,197 შემთხვევა არის აღრიცხული. მათგან, 42,166 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,981-ს შეადგენს.