მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელის 75%-დან 43%-ზე ჩამოსვლა საგანგაშოა

604755fd34469
ინგა მურუსიძე
09.03.21 15:05
656
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, რაც ძალიან ცუდია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოა და შეიძლება, ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, შემსუბუქებების ფონზე.

„უმორჩილესად გთხოვთ, ყველა ტელევიზიას, ყველა საინფორმაციო საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაუთმეთ დრო და ადამიანებს მიაწოდეთ ინფორმაცია, იყოს მორბენალი სტრიქონი, გადაცემები, შესაბამისი გზავნილები მასმედიის საშუალებით, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი უკვე მოვიტოვეთ და შესაძლებელია, თუ ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, კიდევ იყოს საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე, რომ ეს მთავარი დამცავი საშუალება, ანუ პირბადე, ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. იცით, რომ თუ ეს 95 %-მდე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება ქვეყანაში და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში. 75%-ზე იყო ასული პირბადის მოხმარება, შემდეგ 66%-ზე ჩამოვიდა და ახლა 43%-ია. ჩათვალეთ, რომ ეს არის საგანგაშო, განსაკუთრებით, ამ შემსუბუქებების ფონზე, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესებამდე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ მარტსა და აპრილში, შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას ამ ფარგლებში, როგორშიც დღეს არის, მაის-ივნისში კარგი მაჩვენებლები გვექნება და მოსახლეობის გარდაცვალება, დაინფიცირება გაცილებით მცირე იქნება.

„ამიტომ, ყველას გთხოვთ უმორჩილესად, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, რომ დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.