01.მარტი .2020 14:50

ამირან გამყრელიძე: საპატრიარქო ყველაზე მაღალრეიტინგული ინსტიტუტია, მათ ჰიგიენის დაცვის შესახებ ზოგად რეკომენდაციას ვაძლევთ

views 3003
უკან

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მათ წამრომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების შესახებ საპატრიარქოსთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ამირან გამყრელიძის თქმით, მისი უწყება ჰიგიენური წესების დაცვის ზოგად რეკომენდაციას გასცემს და ის რელიგიური რიტაუელბის ჩატარების ნიუანსების შესახებ ვერ ისაუბრებს. 

"ორი კვირის წინ, როდესაც იმატა ვირუსის შემთხვევებმა ჩინეთს გარეთ, ჩვენ გვქონდა საპატრიარქოს მოთხოვნით მათთან შეხვედრა. ჩვენი მთავარ ეპიდემიოლოგს, ხათუნა ზახაშვილს ვთხოვე და მან ჩაატარა ორსაათიანი შეხვედრა საპატრიარქოში. შემდეგ, ასევე ერთ-ერთი მეუფის სურვილით კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. 

მე არ ვარ სასულიერო პირი და არ შემიძლია რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ. რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, საპატრიარქო მოგეხსენებათ ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და მოსახლეობის მიერ პატივცემული ინსტიტუციაა საქართველოში, ის ამ საკითხებს წყვეტს თვითონ. 

ჩვენ ვიძლევით მხოლოდ ზოგად რეკომენდაციებს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ამირან გამყრელიძის აღნიშნული განცხადება საპატრიარქოს მიერ ზიარების წესთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პირველი მარტის მდგომარეობით, ვირუსით ინფიცირების 87,197 შემთხვევა არის აღრიცხული. მათგან, 42,166 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,981-ს შეადგენს.