01.მარტი .2020 14:37

ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს ონლაინ-სწავლებაზე გადასვლისკენ მოუწოდებს

views 12052
უკან

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კორონავირუსის რისკის გამო, ონლაინ-სწავლებაზე გადასვლისკენ და კონფერენციების თუ სხვა ღონისძიებების ონლაინ-სივრცეში ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს მინდა მივმართო. ჩვენი რეკომენდაციაა რომ სწავლების და დიდი თავშეყრის - კონფერენციების თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზება გადავიდეს ონლაინ-რეჟიმებში. მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, როგორც გაძლევთ საშუალებას, ბავშვებთან და სტუდენტებთან კომუნიკაცია გქონდეთ ინტერნეტის საშუალებით.

ვეცადოთ რომ ნაკლები იყოს მასობრივი თავშეყრა ადამიანების,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებია. 

"ეს სამი პაციენტი მკურნალობას გადის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, დღეს კიდევ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალურიინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელზეც პასუხი იქნება დღის განმავლობაში,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პირველი მარტის მდგომარეობით, ვირუსით ინფიცირების 87,197 შემთხვევა არის აღრიცხული. მათგან, 42,166 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,981-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა