01.მარტი .2020 15:40

ამირან გამყრელიძე: წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდეთ

views 3102
უკან

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების არეალიდან ბრუნდებიან, წინასწარ იღებენ ტემპერატურის დამწევ საშუალებას, რათა კარანტინში არ მოხვდნენ.

"მინდა, მივმართო ადამიანებს, რომლებიც ბრუნდებიან იტალიიდან, ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი - თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმები. ვისაც აქვს სიმპტომები საზღვარზე, ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან, რომ აქვთ გარკვეული სიმპტომები, კერძოდ, ტემპერატურა და იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით შემდგომ სიმპტომი დროებით იმალება. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ. ასევე როდესაც გადაგვყავს ისინი კარანტიში ან თვითიზოლაციაში, მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვიცავთ და ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე მიმართავს იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, თუ არ აქვთ თვითიზოლაციის საშუალება, დააფიქსირონ და მათ კარანტინში გადაიყვანენ.

"განსაკუთრებული აქცენტი დღეს კეთდება იტალიაზე, მინდა, მივმართო დაბრუნებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებელია თვითიზოლაციის დროს დაცული იქნეს ის პირობები, რაც მათ რეკომენდაციის სახით ეძლევათ. თუ რომელიმე მათგანს არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, დააფიქსირონ ეს და ისინი იქნებიან გადაყვანილი კარანტინში. კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნა არის სერიოზული ჰუმანური აქტი, რომ პრევენცია გავუკეთოთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას. ყველა ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარული, რომ მინუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში და ხელი შევუწყოთ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთანავე, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი დღის ბოლომდე კიდევ 24 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელის ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხის მიღებას. 

"ეს სამი პაციენტი მკურნალობას გადის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, დღეს კიდევ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალურიინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელზეც პასუხი იქნება დღის განმავლობაში,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პირველი მარტის მდგომარეობით, ვირუსით ინფიცირების 87,197 შემთხვევა არის აღრიცხული. მათგან, 42,166 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,981-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა