მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას დეკემბერში COVID-19 ჰქონდა, ამიტომ დადებითობიდან 120 დღეში აიცრება

604c6edda1c54
BM.GE
13.03.21 11:41
1225
"მე თავად ვიყავი ინფიცირებული, 29 დეკემბერს დამიდასტურდა ვირუსი. მინისტრის ბრძანების შესაბამისად და ჩვენი გეგმის შესაბამისად, ვინც იყვნენ ინფიცირებულები, იცრებიან მას შემდეგ რაც გავა COVID დადებითობიდან 120 დღე. როგორც კი გავა 120 დღე, მეც საჯაროდ ავიცრები,"- განცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მან სამედიცინო პერსონალს ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა. 

"მეც შევეცდები ჯერჯერობით არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით, რადგან პირველ რიგში აიცრას ის პერსონალი, რომელსაც ამჟამად ეს უფრო სჭირდება. თუმცა, თუ ეს საჭირო იქნება საინფორმაციო კამპანიისთვის მე რა თქმა უნდა უარს არ ვიტყვი მასზე,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება, იქამდე კი შაბათ-კვირას მისი რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტირება მოხდება. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.