მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამნისტია ჯიხურებისთვის“ - თბილისში 300,000 ლარის ოდენობის ჯარიმებს ჩამოაწერენ

5ff447006992f
თელარა გელანტია
05.01.21 15:05
2046
თბილისში ჯიხურებს, დაახლოებით, 300,000 ლარიის ოდენობის ჯარიმა/საურავებს ჩამოაწერენ. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დღეს მიიღეს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე და ირაკლი ზარქუა არიან.

როგორც მომხსენებელმა ბექა დავითულიანმა კოლეგებს განუმარტა, კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივ ანდა მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის, კერძოდ, ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. მისივე თქმით, ცვლილება გამოწვეულია პანდემიის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაბამისი პირები, ორიენტირებულები აღმოჩნდნენ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვაზე, რამაც რიგ შემთხვევებში გამოიწვია გარკვეული გადაცდომები ადმინისტრაციული წარმოების ვადებთან დაკავშირებით.

„კონკრეტულად იგულისხმება ჯიხურები, რომელიც განთავსებულია როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე რომ ვთქვა, ამ ჯიხურებს ნებართვების ვადა გასული ჰქონდათ იქამდე, ვიდრე პანდემიის პირველი ტალღა გაგრძელდებოდა. შედეგად, ზედამხედველობის შესაბამისმა ორგანომ ეს ობიექტები დააჯარიმა და დღეს გვსურს, მათთვის ერთგვარი ამნისტია. ვფიქრობთ, გაუქმდეს ჯარიმები, რომლებიც მათ გამოუწერეს იმის გამო, რომ პანდემიის პერიოდში ვერ მოხერხდა ნებართვების გაგრძელება, ეს არის არსი, - განაცხადა დავითულიანმა.

მართალია, ჯიხურებისთვის ჯარიმების ჩამოწერა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება, მაგრამ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მხოლოდ ისაა აღნიშნული, თუ რა შემოსავალი დააკლდება თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამ აქტით. „დედაქალაქის მასშტაბით, ეს თანხა, დაახლოებით, შეადგენს 300,000 ლარს“, - წერია განმარტებით ბარათში.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, პარლამენტი, სავარაუდოდ, დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

განახლება: კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა.