მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამტვერებადი მასალების გამოყენებაზე თბილისში მოქმედი რეგულაციები მთელ ქვეყანაში გავრცელდება

61c6ef6b40edb
დავით ჯალაღონია
25.12.21 15:00
754
თბილისში მოქმედი ამტვერებადი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაწესდება.

ამ მიზნით, პარლამენტმა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.

"2 წლის წინ თბილისში შემოღებულ იქნა რეგულაციები, რომლის მიხედვით, ამტვერებადი მასალის ღია წესით ტრანსპორტირება აიკრძალა, შესაბამისი სანქციები შემოვიდა და სამშენებლო მოედანზე ამტვერებადი მასალის მართვასთან დაკავშირებით პირობები დადგინდა. კერძოდ ის, რომ სამშენებლო მოედანზე ამტვერებადი მასალა დასაწყობებული უნდა იყოს შესაბამისი შეფუთვით, ხოლო მშრალი წესით მასალის დამუშავება აიკრძალა. ეს რეგულაციები გავრცელდება კანონპროექტის მიღების შემდგომ მთელ საქართველოზე", - განაცხადა მაია ბითაძემ.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს შემდეგ შემთხვევებში:

ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს;

მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებისთვის (ფენილი, ბადე, საფარი), რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს;

ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს.

მოცემული სამართალდარღვევები ითვალისწინებს სანქციებს ჯარიმის სახით, რომელიც თითოეული დარღვევისთვის მერყეობს ფიზიკური პირისთვის 200-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის - 500-დან 2000 ლარამდე. აგრეთვე, სანქციის ნაწილში გათვალისწინებულია სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის შემთხვევაშიც სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმის გაზრდილი ოდენობა.

აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1 ივლისს შევა.