მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანა ნაჭყებია: უცხოელი ინვესტორებისგან ქართული ობლიგაციების მიმართ დაინტერესება დიდია

5fa15772f1d41
ლიკა გურაბანიძე
03.11.20 20:30
1423
“საქართველოს ობლიგაციებმა ოქტომბერში, უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დადო და ამას რამდენიმე მიზეზით ვხსნით. ის ფაქტი, რომ აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები ისტორიულ მინიმუმზეა, გავლენას ჩვენს რეგიონზეც ახდენს", - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ანა ნაჭყებიამ “საქმიან დილაში” განაცხადა.

ნაჭყებიას თქმით, ინვესტორების მხრიდან ქართულ ობლიგაციებზე დაინტერესება დიდია.

“რეგიონის ქვეყნებს შორის, სომხეთში და აზერბაიჯანში დაძაბული სიტუაციაა, თურქეთში არასტაბილური გარემოა, ხოლო საქართველოს ობლიგაცია საკმაოდ საინტერესო ჩანს”, - აღნიშნა ნაჭყებიამ.

Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ობლიგაციების ბაზარზე საუბრისას მეზობელ ქვეყნებში არსებული სიტუაციაც შეაფასა.

“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ გადაწყვეტილა და ამან სომხეთის და აზერბაიჯანის ობლიგაციებზე არაერთგვაროვანი გავლენა იქონია. ოქტომბერში იმ ინვესტორებს, ვისაც სომხეთის ობლიგაციები ეჭირათ, გაყიდეს, რამაც ევროობლიგაციის ფასის შემცირება გამოიწვია და შესაბამისად შემოსავლიანობა გაიზარდა.

ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში პირიქით მოხდა, მისი შემოსავლიანობა შემცირდა, ანუ ინვესტორების ინტერესი აზერბაიჯანის ობლიგაციების მიმართ გაიზარდა", - განმარტა ანა ნაჭყებიამ.

როგორც მან განაცხადა, ობლიგაციების ბაზრებზე გავლენას განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები ახდენს, – “სავალუტო ფონდის მიმოხილვის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რაც ჭარბ ლიკვიდობას ქმნის, გავლენას ახდენს როგორც კაპიტალის, ასევე ობლიგაციების ბაზრებზე.

ასევე, ემპირიული კვლევების რაოდენობა იზრდება, რომელიც ამტკიცებს, რომ განვითარებული ქვეყნების მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გავლენა განვითარებად ქვეყნებზე საკმაოდ დიდია", - აღნიშნა ნაჭყებიამ.