27.აგვისტო .2019 15:00

„ანაკლია ჩვენი არ არის, საკონტროლო პაკეტი ანაკლიაშიც არ გვექნება"

views 258
უკან

„ჩვენ არ გვექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიაში, საკონტროლო პაკეტი ცუდი კი არ არის, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ გუნდური მოთამაშეები ვართ,“ - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ის და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს „ჩაეხსნენ“ და მხოლოდ მის დამფინანსებლებად დარჩნენ. 

„ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა ახალ ინვესტორებს და პარტნიორებს ვიზიდავთ, რომ ეს ქვეყანა მრავალფეროვანი და მრავალინტერესიანი გახდეს. ჩვენ საკონტროლო პაკეტი ანაკლიაშიც არ გვექნება თიბისი ბანკშიც არასდროს გვქონია. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩვენი არ არის ანაკლია.

ახლა უნდათ, რომ პერსონიფიცირება გააკეთონ ბადრი, მამუკა და ანაკლია. ჩვენ ჩავეხსენით ანაკლიას და დავრჩით, როგორც დამფინანსებლები, თუმცა დღეიდან მოგეხსენებათ, რომ ესეც დაკეტეს. ამიტომ, რადგან საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და მე ნებისმიერი ჩემი გუნდის ნაბიჯზე პასუხისმგებელი ვარ თითოეულ ციფრზე, თითოეულ გადარიცხვაზე და თითოეულ კონტრაქტზე, რაზეც ჩვენ ხელი მოგვიწერია პასუხისმგებელი ვარ და რადგან საზოგადოებაში ამდენი კითხვა დადგა, მე ვთავაზობ, ბიძინა ივანიშვილს მობრძანდეს ტელევიზიაში. შესაძლოა ეს იყოს მაგალითად იმედი და ვისაუბროთ ღიად. ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა გამჭვირვალობის გზას დაადგეს.“ - განაცხადა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის: დღეს „თიბისი ბაკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების დაყადაღების შესახებ გაგზავნილ მოთხოვნას უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ სახელმწიფო მის ინსტიტუტებს პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს. ამავე ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს.